ნადირობის სეზონმა სტარტი 24 აგვისტოს აიღო. მონადირეებს გადამფრენ ფრინველებზე სანადიროდ ვადა მომდევნო წლის 1-ელ მარტამდე აქვთ. სეზონის დაწყებიდან დღემდე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის წესების დარღვევის 104 ფაქტი გამოავლინა. ხშირ შემთხვევაში, ნადირობისთვის აკრძალულ იარაღს იყენებენ. ასევე ფიქსირდება დღიური ლიმიტების გადამეტების შემთხვევები და ისეთ სახეობებზე ნადირობა, რომლებიც ნადირობის ობიექტს არ წარმოადგენენ.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 94 აკრძალული იარაღით ან მეთოდით ნადირობის ფაქტებია. 9 შემთხვევაში სამართალდამრღვევები გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე ნადირობდნენ. ბრაკონიერებმა უკანონოდ მოინადირეს 27 ერთეულიმწყერი.

ნადირობის მიმდინარე სეზონთან და გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ,,კომერსანტი’’ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს ესაუბრა. მაია ჩხობაძემ ის სანქციებიც განმარტა, რომელიც კანონდამრღვევს ეკისრება.

,,ნადირობის წესების დარღვევის დროს ძირითადად ვლინდება აკრძალული საშუალებების გამოყენების ფაქტები. შეიძლება იყოს დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით ნადირობის ფაქტიც. შეიძლება იყოს ისეთ სახეობაზე ნადირობა, რომელიც არ არის ნადირობის ობიექტი.   

თუ გადამფრენ ფრინველზე ნადირობს ადამიანი და დაარღვია წესი ამ შემთხვევაში ჯარიმა 300 ლარია. ამას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი. თუ დარღვევა მოხდა სამონადირეო მეურნეობაში ჯარიმა 600 ლარს შეადგენს. აკრძალული იარაღით ნადირობის შემთხვევაში

ჯარიმა 1 500 ლარია. მაგრამ სანქცია მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლება. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს სანადირო იარაღის კონფისკაცია ან ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ნებართვის ჩამორთმევა ერთი ან 2 წლით. გააჩნია რა ტიპის დარღვევა გვაქვს.’’- აცხადებს მაია ჩხობაძე.

სანადიროდ ნებადართული იარაღების ჩამონათვალი ,,იარაღის შესახებ კანონის’’ მე-7 მუხლშია მოცემული, რომლის მიხედვითაც ნადირობა დასაშვებია სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით,  სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღით. ასევე სანადირო პნევმატური იარაღით.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ მონადირეს თან უნდა ჰქონდეს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის ფლობისა და ტარების შესაბამისი დოკუმენტი. იარაღი აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იყოს.

ნადირობის პროცესის კანონის დაცვით წარმართვას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში ამონიტორინგებს. ამ მიზნით ეკიპაჟები უწყეტ რეჟიმში პატრულირებენ.

,,პატრულირება ნიშნავს ცხელი წერტილებისა და ისეთი ადგილების მონიტორინგს, სადაც მოსალოდნელია გარემოს დაცვის სფეროში დარღვევები. სამინისტროში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 153, რომელიც ყველა ოპერატორისთვის უფასოა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და დატოვოს შეტყობინება დარღვევის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დეპარტამენტი მყისიერად ახდენს რეაგირებას. ასევე გამოიყენება სოციალური ქსელები. ყველა წყარო მაქსიმალურად გამოიყენება დეპარტამენტის მიერ ამა თუ იმ დარღვევის გამოსავლენად და რეაგირებისთვის.’’- აცხადებს მაია ჩხობაძე.

სანადირო სახეობები 2 ძირითად ჯგუფად არის დაყოფილი. წყალმცურავი ფრინველები და სხვა ჯგუფი. წყალმცურავ ფრინველებზე ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტების გარდა ნადირობა დაშვებულია 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე. ხოლო ახალქალაქის, წალკის, ნინოწმინდისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში დაშვებულია 10 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე. თითეულ სახეობაზე დაწესებულია დღიური ლიმიტები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონადირეს დღეში ლიმიტზე მეტი ერთეულის მოპოვების უფლება არ აქვს. დღიური ლიმიტის ყველაზე მაქსიმალური რაოდენობა 10-ია, მინიმალური კი 2. მაგალითად: ქედანისა და გარეული მტრედის დღიური ლიმიტი 10-ს შეადგენს. რუხი ბატის 5-ს. რუხი იხვის კი 3-ს.  მაია ჩხობაძის განმარტებით, დღიური ლიმიტის გადამეტება კანონდარღვევას წარმოადგენ, რაც სანქციის სახით ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონით ასევე განსაზღვრულია ის ადგილები, სადაც ნადირობა აკრძალულია. მაგალითად, ნადირობა აკრძალილია ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, ნაკრძალებსა და მათ გარშემო 500 მეტრიან ზოლში. ასევე, ეროვნულ პარკებსა და მათ გარშემო 250 მეტრიანი ზოლში. ამას ემატება ველური ბუნების სააგენტოს მიერ მოწყობილი ფრინველთა აღწარმოების ცენტრები.

საქართველოში წლის განმავლობაში ნადირობის წესების დარღვევების 600-მდე შემთხვევა ფიქსირდება. მთელი საქართველოს მასშტაბით, კონტროლს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან ერთად, დაცული რეტირობიები და ეროვნული სატყეო სააგენტო ახდენენ.