შსს-მ პროტესტის მონაწილეთა იდენტიფიკაციისთვის 2025 წლის იანვარ-თებერვალში ჯამში 485 877 ლარის ღირებულების ჩინური კამერა შეიძინა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "პირველებს" ეუბნება, რომ შსს-ს გარდა ჩინური კამერების შეძენა თავდაცვის სამინისტრომაც დაიწყო.
საჭიროების შემთხვევაში, ყველა ეს მონაცემი, რომელსაც კამერები აგროვებს, ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებს - ამბობს ხიდაშელი და აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შემდეგ, ჩინეთმა მთლიანად გაუხსნა წვდომა უკრაინაში დამონტაჟებულ ჩინურ კამერაზე რუსულ სპეცსამსახურებს.
ხიდაშელი საფრთეებზე საუბრობს - "პრაქტიკულად, სრულად ჩვენს სტრატეგიულ ობიექტებს რუსული სადაზვერვო სამსახურებისთვის ვხსნით".
მისი თქმით, რა წამს რუსეთს მოუნდება, იმ წამიდან ჩინეთი ოკუპანტ სახელმწიფოს მონაცემებზე წვდომას მისცემს.
"გადარეული მოთხოვნილება იმაზე, რომ აბსოლუტური კონტროლი დაწესდეს ვიზუალურ გამოსახულებაზე, ადამიანების ბიომეტრიულ მაჩვენებელზე, ასევე აუდიოჩანაწერები გაკეთდეს მათი საუბრების, რა თქმა უნდა, არ არის შემთხვევითი. ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფო რესურსის უაზროდ ხარჯვის საფუძველზე, ასევე განსაკუთრებული სპეცოპერაციის განხორციელებაა პროტესტში მყოფი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.
მარტო პოლიციური ღონისძიებებისთვის არ ხდება ამ კამერების ყიდვა. სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტრომაც დაიწყო ამავე კომპანიებისგან კამერების შეძენა. ეს კამერები და ეს ჩინური კომპანიები არის მრავლობითი სანქციების ქვეშ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში. საჭიროების შემთხვევაში, ყველა ეს მონაცემი, რომელსაც კამერები აგროვებს, ავტომატურ რეჟიმში გადაეცემა ჩინეთის სადაზვერვო სამსახურებს.
მეორე, რაც მოხდა რუსული აგრესიის შემდეგ უკრაინაში, რუსეთის მეგობარმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მთლიანად გაუხსნა წვდომა უკრაინაში დამონტაჟებულ ჩინურ კამერაზე რუსულ სპეცსამსახურებს. მაგალითად დიდ ბრიტანეთში, სანქციების რეჟიმი ამ კომპანიების წინააღმდეგ სწორედ იმ დღიდან ამოქმედდა და ამის გამო შევიდა ძალაში.
მე როცა ვამბობ, ჩემთვის განსაკუთრებით ტრაგიკულია, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო შესყიდვების განხორციელება, ამასაც ვგულისხმობ, რომ პრაქტიკულად, სრულად ჩვენს სტრატეგიულ ობიექტებს რუსული სადაზვერვო სამსახურებისთვის ვხსნით იმ წამიდან, რა წამსაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, რომ ამ მონაცემებზე წვდომა უნდა ჰქონდეთ, თუკი არ აქვთ ჯერ მოთხოვნილი მეგობარი ჩინეთისთვის ამ მონაცემებზე წვდომა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებტ, შსს-მ მომიტინგეების იდენტიფიკაციისთვის და ქუჩებში დასამონტაჟებელი კამერები ხმის ჩამწერი ფუნქციით იყიდა - "პირველებმა" ამის დამადასტურებელი დოკუმენტი მოიპოვა. 2025 წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-მა შპს “ჯი ეს სი”-სგან შეისყიდა 155 977 ლარის ღირებულების 35 კამერა, რომელიც წარმოებულია Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd-ს (იგივე Dahua) მიერ.
შესყიდვის ხელშეკრულების მიხედვით, გომელაურის უწყება მოითხოვდა, რომ ჩინურ კამერებს აუდიო კაბელების შესაერთებლები ჰქონოდა. ექსპერტებს და სამოქალაქო სექტორს ეს გარემოება უჩენს ეჭვებს, რომ მაღალი გარჩევადობის, ჭკვიანი კამერების საშუალებით აქციის მონაწილეებს რეჟიმი იმის გარდა რომ უკანონოდ უთვალთვალებს, მოუსმენს კიდეც.