ბრიტანეთის როუენის უნივერსიტეტისა  და ნიუ-ჯერსის რუტგერსის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ახალი მონაცემები, რომლებიც აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ASD) და ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის აშლილობის (ADHD) მზარდი სიხშირის მიზეზების გარკვევას ემსახურება. კვლევა ჟურნალ PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ASD-ისა და ADHD-ის მქონე ბავშვებს ხშირად აქვთ შემცირებული უნარი ეფექტიანად გამოდევნონ სხეულიდან პლასტიკური დანამატები, კერძოდ BPA და მისი მსგავსი ნაერთები, რაც პოტენციურად იწვევს მათი ტოქსიკური ეფექტების უფრო ხანგრძლივ ზემოქმედებას.

BPA არის ფართოდ გამოყენებული ქიმიური დანამატი პლასტმასის პროდუქტებსა და შეფუთვაში და მისი ჯანმრთელობაზე ზემოქმედება დიდი ხანია შეშფოთებას იწვევს.

წინა კვლევებმა უკვე მიუთითა კავშირი აუტიზმსა და BPA-ს შორის. თუმცა, ახალი კვლევა იძლევა ამ კავშირის ბიოქიმიურ მტკიცებულებებს. კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმისა და ADHD-ის მქონე ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს დაქვეითებული აქვს ორგანიზმიდან BPA-ს გამოდევნის უნარი დაახლოებით 10%-ით და 17%-ით, საკონტროლო ჯგუფის ბავშვებთან შედარებით.

ერთ-ერთ ძირითად პროცესს, რომელიც ორგანიზმს BPA-სგან თავის დაღწევაში ეხმარება, გლუკურონიდაცია ეწოდება. ეს პროცესი გულისხმობს შაქრის მოლეკულის მიმაგრებას BPA-ზე, რაც მას წყალში ხსნად აქცევს და საშუალებას აძლევს მას გამოიდევნოს ორგანიზმიდან შარდით.

კვლევამ ასევე დაადგინა, რომ ადამიანებს აქვთ გენეტიკური ცვალებადობა BPA-ს დეტოქსიკაციის უნარში. გენეტიკურად მგრძნობიარე პირებს შეიძლება უჭირთ BPA-ს დეტოქსიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ქსოვილები ექვემდებარება BPA-ს უფრო მაღალ კონცენტრაციებს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

კვლევამ წარმოადგინა პირველი ბიოქიმიური მტკიცებულება BPA-ს და აუტიზმსა და ADHD-ის განვითარებას შორის კავშირის შესახებ, და მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს ხელს შეუწყობს შემდგომი კვლევებს ამ დარღვევების თავიდან ასაცილებლად. თუმცა, მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ საჭიროა მეტი კვლევა იმის დასადგენად, ეს ნევროლოგიური დარღვევები საშვილოსნოში ვითარდება თუ დაბადების შემდეგ პლასტიკური დანამატების და სხვა გარემო ფაქტორების ზემოქმედების გამო.