საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა 2 300-ზე მეტმა მძღოლმა უკვე მიიღო - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო სააგენტოში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ავტოსადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

ცნობისათვის, 2025 წლის 1-ელი მარტიდან ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის მძღოლებმა ნებართვა უნდა მიიღონ. ამავე პერიოდში ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებს პერიოდული სამედიცინო შემოწმების გავლის ვალდებულება გაუჩნდათ.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 30 აპრილის მდგომარეობით ნებართვა უკვე მიიღო 2 300-ზე მეტმა მძღოლმა და ნებართვების გაცემის პროცესი ამჟამადაც გრძელდება.

„2025 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა 2300-ზე მეტმა გადამზიდველმა უკვე მიიღო და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

გადამზიდველთან ერთად ავტოსადგურის ადმინისტრაციაა ვალდებული, არ დაუშვას რეისში იმ მძღოლის გაშვება, რომელსაც, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, მგზავრთგადაყვანის რეფორმის ფარგლებში ამ ეტაპზე ავტოსადგურების სერტიფიცირებისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გადამზიდველების მიერ ავტოსადგურებთან მარშრუტებზე მოძრაობის განრიგების შეთანხმება მიმდინარეობს.

„რეისების შესასრულებლად, მარშრუტზე წარმოდგენილი გადამზიდველის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და მათი მძღოლების რიცხვი უნდა შეესაბამებოდეს მარშრუტსა და განრიგს.

აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ, სააგენტო კონკრეტული ავტოსადგურის საქმიანობის მონიტორინგის პროცესში, ასევე შეამოწმებს გადამზიდველთან მარშრუტებზე დასაქმებული მძღოლების სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.

www.bpn.ge