18-დან 20 წლამდე ახალგაზრდა მალტელები 6 თვის განმავლობაში სპორტდარბაზებით უფასოდ ისარგებლებენ. მთავრობამ აიღო აბონემენტების შეძენა.

ექვსთვიანი სპორტული დარბაზის წევრობა ჩვეულებრივ 225-დან 450 ევრომდე ღირს.

პროგრამა უახლოეს კვირებში დაიწყება. ამით, ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ახალგაზრდებში ცხოვრების აქტიური წესი დანერგონ და მათ სპორტულად ცხოვრება მიაჩვიონ. 

მსოფლიო სიმსუქნის ფედერაციის პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის მალტაში ზრდასრული მოსახლეობის მესამედზე მეტში სიმსუქნე იქნება.

ჯანმო-ს განმარტებით, სიმსუქნის დიაგნოსტირება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სხეულის მასის ინდექსი 30-ზე მეტია. თუ ეს მაჩვენებელი 25-დან 30-მდეა, ეს მიუთითებს ჭარბ წონაზე.

ევროსტატის შეფასებით, ევროკავშირის მაცხოვრებლების 53% ჭარბწონიანია; მათგან 36% ზედმეტი წონა აქვს, 17% მსუქანია. შედარებისთვის: OECD-ის მონაცემებით, რუსების 20%-ზე ოდნავ ნაკლები იტანჯება სიმსუქნით.

ევროპის ქვეყნები სხვადასხვა ზომებს იღებენ, რათა მოსახლეობას ცუდი ჩვევების შეცვლაში დაეხმაროს. მაგალითად, გერმანიის 16 ფედერალური შტატიდან 9-მა მოითხოვა ფედერალური მთავრობისგან გადასახადის შემოღება ყველა შაქრის შემცველ გამაგრილებელ სასმელზე (როგორიცაა კოკა-კოლა).