თბილისის დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მოქმედი უჯრედები თითქმის შევსებულია, ხოლო ნაგავსაყრელზე წლიურად საშუალოდ 12 ათასი ტონა მეთანი წარმოიქმნება, რომლის შეგროვება და უტილიზაცია ამ ეტაპზე არ ხდება. ამასთან, პოლიგონზე დაგროვილია დაახლოებით 15 ათასი კუბური მეტრი ნაჟური წყალი, ხოლო მისი გამწმენდი ნაგებობის სრულად ამოქმედება 2027 წლის სექტემბერში იგეგმება. აღნიშნული მონაცემები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის, გიორგი პაპავას პასუხშია მოცემული, რომელიც მან პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატ დაჯი კოვზირიძის სადეპუტატო კითხვაზე გასცა.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პასუხის თანახმად, დიდი ლილოს ნაგავსაყრელზე განთავსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოცულობა ბოლო წლებში იზრდება: 2023 წელს პოლიგონზე 496 651 ტონა ნარჩენი განთავსდა, 2024 წელს — 540 619 ტონა, ხოლო 2025 წელს მაჩვენებელმა 560 151 ტონა შეადგინა. 2026 წლის 1 იანვრიდან პასუხის მომზადების მომენტამდე კი ნაგავსაყრელზე 475 180 ტონა ნარჩენი იყო განთავსებული. ნარჩენების საშუალო დღიური მოცულობა 1 500-2 000 ტონას შეადგენს.
პოლიგონის მოქმედი უჯრედები თითქმის შევსებულია, რის გამოც „თბილსერვის ჯგუფმა“ მესამე და მეოთხე უჯრედებს შორის ტერიტორიის ათვისებისთვის მომსახურების შესყიდვის პროცედურები ხელახლა დაიწყო. თუმცა, ამ სამუშაოების შესყიდვაზე 2026 წლის ივნისსა და აგვისტოში გამოცხადებული ორივე ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. პირველ შემთხვევაში ერთადერთი პრეტენდენტი დისკვალიფიცირდა, მეორეში კი ტენდერში მონაწილეობა აღარ მიიღო ბაზრის კვლევაში ყველაზე დაბალი ფასის მქონე შეთავაზების წარმდგენმა კომპანიამ. უწყებას პოლიგონის ექსპლუატაციის დარჩენილი ვადა კონკრეტულად არ დაუსახელებია და განმარტავს, რომ ის უჯრედების ტევადობასა და ახალი ტერიტორიების ათვისებაზეა დამოკიდებული.
ნაგავსაყრელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემა ნაჟური წყლებია. „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, ლილოს პოლიგონზე წელიწადში დაახლოებით 54 ათასი კუბური მეტრი ნაჟური წყალი წარმოიქმნება, დღიური მაქსიმალური მოცულობა კი 150 კუბურ მეტრია. 2026 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, შესაბამის რეზერვუარებში დაახლოებით 15 ათასი კუბური მეტრი ნაჟური წყალი იყო დაგროვილი. მის გასაწმენდად ახალი ნაგებობის მშენებლობა უკვე დაწყებულია. პროექტის სამშენებლო ნებართვა მიმდინარე წლის სექტემბერში გაიცა, ხოლო სამუშაოების დასრულება და ობიექტის სრულფასოვანი ამოქმედება 2027 წლის სექტემბერში იგეგმება.
კიდევ ერთი პრობლემაა ნაგავსაყრელზე წარმოქმნილი მეთანი. კომპანიის ინფორმაციით, პოლიგონზე ყოველწლიურად საშუალოდ 12 ათასი ტონა მეთანი წარმოიქმნება, თუმცა ამჟამად მისი ემისიების მართვა და უტილიზაცია არ ხდება. პრობლემის მოსაგვარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) გაფორმებული სასესხო შეთანხმების ფარგლებში გაზშემკრები სისტემის პროექტი ხორციელდება. დაგეგმილია პირველი, მეორე და მესამე უჯრედების საბოლოო გადახურვა და გაზის შეგროვებისა და უტილიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობა.
პოლიგონზე ასევე იგეგმება მასალების აღმდგენი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტების მშენებლობა, რაც ნარჩენების დახარისხებასა და გადამუშავებას შეუწყობს ხელს. „თბილსერვის ჯგუფის“ განმარტებით, ნარჩენების ბიოლოგიური დამუშავება მათ ნაგავსაყრელზე განთავსებამდე შეამცირებს ბიოგაზის, ნაჟური წყლებისა და სუნის წარმოქმნას. ამასთან, დიდი ლილოს ნაგავსაყრელის საბოლოო დახურვის ტექნიკური პროექტი ამ ეტაპზე არ არსებობს.