2023 წლის II კვარტალში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა. BAG ინდექსის მიხედვით, კომპანიათა 32%-მა 2023 წლის მეორე კვარტალში გაზარდა თანამშრომლების ხელფასები, ხოლო მათმა უმეტესობამ თანამშრომლების ხელფასები 0-20%-ის ფარგლებში გაზარდა. ინფორმაცია PMCG-ის მაკრო მიმოხილვაშია აღნიშნული.

საქართველოში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 22.0%-ით გაიზარდა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, 2022 წელს ხელფასების ზრდამ მხოლოდ 9.1% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მშპ-ს რეალური ზრდა 2015-იდან 2022 წლამდე შეადგენდა 34.7%-ს, რაც ორჯერ აღემატება ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე.

2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით, საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 6.3%-ით გაიზარდა და 667 ათასზე მეტი ადამიანი შეადგინა. საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა უმეტესობა 2023 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობის სექტორში იყო დასაქმებული, რაც 180 ათასზე მეტ ადამიანს შეადგენდა. საქართველოში ICT სექტორის ბუმის პარალელურად, დასაქმებულთა ყველაზე მაღალი ზრდა ამ სექტორში დაფიქსირდა. ICT ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა წლიურმა ზრდამ 30.8% შეადგინა.