საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბერმელი“ ჯამში 621,600 ლარით დააჯარიმა. მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სანქციების მიზეზი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობის მრავალჯერადი დარღვევა გახდა.

ყველაზე დიდი ჯარიმა 515,000 ლარი ორგანიზაციას კლიენტებისთვის იდენტიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის გამო დაეკისრა. შემოწმებისას ასეთი 515 შემთხვევა დაფიქსირდა (თითოეულზე 1,000 ლარი).

სანქციების სიაში ასევე მოხვდა:

  • ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის 10 ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც „ბერმელი“ 20,000 ლარით დაჯარიმდა. დამატებით, 12 ოპერაციის დაგვიანებით (5 და მეტი სამუშაო დღით) წარდგენისთვის კომპანიას 3,600 ლარის გადახდა მოუწევს;
  • მარეგულირებელმა დაადგინა, რომ ორგანიზაციის ელექტრონული სისტემა, რომელიც ფულის გათეთრების აღკვეთას უნდა ემსახურებოდეს, მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირებდა, რაც 20,000-ლარიანი ჯარიმით დაისაჯა;
  • 5 კლიენტისთვის რისკის ჯგუფის მიუნიჭებლობის გამო ორგანიზაციას 15,000 ლარი დაეკისრა. ასევე, 2 კლიენტის შემთხვევაში არ დადგინდა მათი საქმიანობის არსი (4,000 ლარი), ხოლო ერთ კლიენტთან მიმართებით არ შესწავლილა ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობა (3,000 ლარი).
  • ეროვნული ბანკის მიერ წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის 4 ფაქტის გამო, კომპანია 28,000 ლარით დაჯარიმდა.

გარდა ზემოთქმულისა, „ბერმელს“ სანქციები დაეკისრა ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდებისთვის (ჯამში 8,000 ლარი სხვადასხვა მუხლით) და შიდა კონტროლის წესების კანონმდებლობასთან შეუსაბამობისთვის (5,000 ლარი).