როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებები დაამტკიცა.

„საქართველომ კანდიდატის სტატუსი სწორედ იმ პირობით მიიღო, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ნაბიჯებს შეასრულებს, რომელთა შორის ერთ-ერთი საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესებაა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. 

მიუხედავად პირდაპირი მითითებისა, მთავრობის გეგმა ამ მიმართულებით რეალურად გასატარებელ ღონისძიებებს არ ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, „ზედამხედველობის პრაქტიკის გასაუმჯობესებლად, წარიმართება რეგულარული დიალოგი ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამასთან, 2024 წლის თებერვალში, საპარლამენტო ნდობის ჯგუფი დაკომპლექტდება სრულად."

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მხოლოდ ნდობის ჯგუფის სრულად დაკომპლექტება ვერ ჩაითვლება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯების შესასრულებლად საკმარის  ღონისძიებად და ხელისუფლების გეგმა ამ მიმართულებით ხარვეზიანია. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა მოამზადა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის კანონის პროექტი, რომელიც ნდობის ჯგუფის მანდატისა და  ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით მიზნად ისახავს, უსაფრთხოების სექტორზე განხორციელდეს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლი. აღნიშნული კანონპროექტი ინიციირებულია საქართველოს პარლამენტში, თუმცა, მისი საპარლამენტო კომიტეტებში განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა,"- აღნიშნულია დოკუმენტში