ხაშურის №4 საჯარო სკოლის საძირკველის დემონტაჟის გადაწყვეტილება მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიიღო.

საძირკვლის მოწყობაზე, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 1.9 მლნ ლარი დაიხარჯა.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, ფონდმა შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რათა საძირკვლის დემონტაჟისთვის საჭირო 109 400 ლარის ხარჯვის უფლება მოიპოვოს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ საძირკვლის განმეორებითი ექსპერტიზა 2026 წლის მაისსა და ივნისში ჩაატარა. მანამდე საძირკველი ექსპერტიზის საგანი 2025 წელსაც იყო.

განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საძირკველი ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და მისი დაუყოვნებლივ დემონტაჟის აუცილებლობა არ იკვეთება. თუმცა, ექსპერტებმა ვერ დაასკვნეს, გაუძლებს თუ არა არსებული საძირკველი ახალი სკოლის შენობის დატვირთვას.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საძირკვლის ბეტონის სიმტკიცე პროექტით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე გარკვეულწილად დაბალია. არმატურაზე ზედაპირული ჟანგი დაფიქსირდა, თუმცა შესაბამისი დამუშავების შემთხვევაში მისი გამოყენება დასაშვებად მიიჩნიეს.

ექსპერტიზამ ასევე გამოავლინა შეუსაბამობა პროექტის სხვადასხვა ნახაზს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ სკოლისთვის ახალი პროექტი იგეგმება, ექსპერტების შეფასებით, ეს გარემოება შენობის დატვირთვების საკითხს ცვლის.

მუნიციპალური განვითარების ფონდის გათვლებით, საძირკვლის დემონტაჟი 2 ნოემბერს დაიწყება და 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შემდეგ ახალი სკოლის მშენებლობისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება.

ხაშურში, „შინდარას“ დასახლების მოსახლეობა, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ახალი სკოლის მშენებლობას უკვე მეექვსე წელია ელოდებიან.

სკოლის მშენებლობას პარლამენტარ ირაკლი ზარქუას ოჯახის მიერ დაფუძნებული კომპანია „ლაგი კაპიტალი“ ახორციელებდა.