საქსტატის მიერ გამოქვეყნებული დასაქმებულთა მაჩვენებლების  საკუთრების ფორმების ანალიზი აჩვენებს, რომ რომ ბოლო 10 წელში დასაქმების მაჩვენებლის გაუმჯობესება უმეტესწილად განპირობებულია სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ზრდით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში (კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები) დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

10 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი გაზრდილია 12%-ით, ხოლო თვითდასაქმებულთა მაჩვენებელი შემცირებულია 9%-ით.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში გაზრდილ მიგრაციასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მათ მიერ კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელი. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ბიზნეს საქმიანობის დაწყება, გარკვეულწილად დადებითად აისახება საქართველოში დასაქმების მაჩვენებელზეც.

მაგალითად, IDFI-ს კვლევის მიხედვით მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებმა 2022-2024 (1 ივნისამდე)  წლებში  30,295 კომპანია დაარეგისტრირეს, რომელთა 90% ინდმეწარმედ არის რეგისტრირებული. ქვეყანაში ინდმეწარმეთა რიცხვის ზრდა, თავის მხრივ აისახება თვითდასაქმებულთა მაჩვენებელზე. 2024 წლის II კვარტალში, როდესაც დაფიქსირდა უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი 13.7%, დასაქმებულთა რიცხვი უმეტესწილად გაიზარდა თვითდასაქმებულთა ხარჯზე (+10%).

ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში წარმოებული ბიზნესსაქმიანობა, რა თქმა უნდა, შეცვლის არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვს. ამიტომაც, ის მცირედი პროცენტი, რაც კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა ნაწილში გვაქვს, ამის შედეგიცაა.

მისივე თქმით, კერძო სექტორში დასაქმებულთა მხოლოდ 12%-იანი ზრდა კი უპირველესად ქვეყნის ანტიდასავლურ საგარეო კურსს და სანქციების საშიშროებას უკავშირდება.

„რუსეთის მოქალაქეების მიერ დარეგისტრირებული ბიზნესები ეკონომიკაზე, რა თქმა უნდა, აისახება. მნიშვნელობა არ აქვს, ინვესტიციები უცხოური იქნება თუ ადგილობრივი. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რომ არის გაზრდილი ეს მეტწილად ამაზეც არის დამოკიდებული.

კერძო სამსახურში რომ არ იზრდება დასაქმების მაჩვენებელი ეს მიუთითებს, რომ მომავალში დასაქმების ტემპი დაკორექტირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ კერძო სექტორი საკმარისი რაოდენობის პროდუქტს ვერ ქმნის.

კერძო სექტორში დასაქმების რაოდენობის კლება უკავშირდება იმ საშინელ მოვლენას, რაც არჩევნების შემდეგ შეიძლება მოხდეს. თუ ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები დაიწერა, მაშინ ძალიან ცუდი პროცესები განვითარდება საქართველოში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. უფრო კონკრეტულად - იქნება, დიდი ფინანსური სანქციები, ჩაიკეტება ეკონომიკა და ქვეყანა მოექცევა იზოლაციაში.

,,ოცნების” სამართლიანად გამარჯვებაც არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოტა ხალხი მივა არჩევნებზე. ორივე შემთხვევაში ,,ოცნების” გამარჯვება უარყოფით გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე, მაგრამ თუ შედეგებს უბრალოდ ჩაიწერენ, ეს სრულად შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს და დიდი სიჩქარით წაგვიყვანს 90-იანი წლებს სიტუაციისკენ“,- აღნიშნა აკაკი ცომაიამ.