საქართველოს ჯანდაცვის სისტემის ერთერთი გამოწვევა თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურაზე დაბალი ხელმისაწვდომობაა, ამის შესახებ თბილისში 9-10 ივნისს გამართულ, საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაციის პირველ კონგრესზე აღინიშნა.
კონგრესს სპეციალური ვიზიტით ეწვია გერმანიის ინტერვენციული საზოგადოების პრეზიდენტი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა 250 დელეგატი, მათ შორის ქართველი და გერმანელი სპეციალისტები.
თბილისის გულის ცენტრის კარდიო-ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელის ზვიად კერესელიძის თქმით, სამწუხაროდ, დიაგნოსტიკური მეთოდები და სამკურნალო საშუალებები ჩვენთვის დღეს ხშირ შემთხვევაში მიუწვდომელია და სწორედ ეს თემა იყო კონგრესზე განხილვის საგანი.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავებთ ახალ სტრატეგიებს, როგორ დავნერგოთ ახალი მეთოდიკა ჩვენს რეალურ პრაქტიკაში და სულ ახლო მომავალში, ვიმედოვნებ, ჩვენ გვექნება საშუალება, პაციენტები აღარ გავაგზავნოთ საზღვარგარეთ და ვუმკურნალოთ აქ, ახალი დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდებით,“ - აღნიშნა კერესელიძემ.
სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანიის 4Hospitals-ის კომერციულმა დირექტორმა გიგა კოხრეიძემ კი განაცხადა, რომ კომპანიას დღეს აქვს სათანადო ხაზის პროდუქცია, რომელიც აღიარებულია როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებით, ისე ევროპული გაიდლაინებით.
მისი თქმით, ამ სფეროში გამოწვევები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტროსთან მიდის ღია საუბრები, რათა დარგის განვითარებას ხელი შეეწყოს.
შეგახსენებთ, რომ გიგა კოხრეიძემ რამდენიმე კვირის წინ jadacva.ge-სთან საუბარში განაცხადა, რომ „დიარჯის“ ტარიფები მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისების განვითარებას აფერხებს.
Jandacva.ge