საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული ავტოსადგურების რეგულირებას და მათ ლიცენზირებას გეგმავს. კანონპროექტის მიხედვით, რომლის განხილვასაც პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე გეგმავდა, მოხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად, სანებართვო საქმიანობის სახეები კი შემდეგნაირად განისაზღვრება - საავტომობილო-სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო საავტომობილო-სატვირთო გადაზიდვა.
წლების წინ დაანონსებული ავტოსადგურების პრობლემის მოგვარების საკითხი ვერცერთ ჯერზე ვერ მოგვარდა, კანონპროექტის განხილვა ამჯერადაც გადაიდო. „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ დაპირებული საგაზაფხულო სესიის ნაცვლად, კანონპროექტის განხილვა შემოდგომაზე იგეგმება, მისი ამოქმედება კი მომავალ წელს.
„ავტოსადგურების შესახებ კანონპროექტის განხილვა ისევ გადაიდო, მას საშემოდგომო სესიაზე გაიტანენ და ძალაში 2024 წლის მარტიდან შევა. თავიდან იყო დაანონსებული, რომ საგაზაფხულო სესიაზე მოხდებოდა მისი განხილვა, მაგრამ ბოლოს გადადეს.
კანონპროექტის დეტალები ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. ჩვენი წინადადებები ყველა ინსტანციაში გვაქვს გაგზავნილი, მაგრამ კანონპროექტს ჯერ გაცნობილი არ ვართ. თუმცა გვპირდებიან რომ მისი განხილვის დაწყებამდე მონაწილეობას მივიღებთ განხილვებში, იმისათვის რომ არ დარჩეს რაიმე ამოუწურავი საკითხი საჭიროა ჩავერთოთ პროცესებში.
რეგლამენტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ადგილი, საიდანაც გადის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და მთავრობის დადგენილება მგზავრის გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის შესახებ - სწორედ ეს უნდა დააკმაყოფილოს ყველამ და ამის კონტროლი არ ხდება“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე.
კანონპროექტის მიხედვით, სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დადგინდება სანებართვო პირობები, წარმოსადგენი დამატებითი დოკუმენტების ნუსხა, მოქმედების ვადები, როგორც ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ისე საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის შემთხვევაში.