„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კანის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მარკეტ-ბაზარზე ორი ქართული ფილმის  ჩვენება გაიმართა.

ფესტივალის მაყურებელმა ნანა ჯანელიძის ფილმი „იარე, ლიზა“ და ირინე ჟორდანიას „ჰაერი ლურჯი აბრეშუმია" იხილა.

კანის კინოფესტივალზე ორივე ფილმის მარკეტ ჩვენება სააგენტოს პროგრამა „გადაიღე საქართველოში“  ამოქმედებული ახალი კომპონენტის ფარგლებში მოხდა, რომლის მიზანიც ქართული ფილმების პოპულარიზაცია, კომერციალიზაცია და საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენებაა.

შეგახსენებთ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, ეროვნულ კინოცენტრთან ერთად, კანის კინოფესტივალზე საქართველოს პავილიონი წარადგინა.

პავილიონში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, მათ შორის შეხვედრები გაყიდვების აგენტებთან, საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და მსოფლიოში წამყვანი კინოფესტივალების წარმომადგენლებთან.