მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კონტინენტურმა ევროპამ ბოლოს მზის სრული დაბნელება იხილა. ეს 1999 წლის აგვისტოში მოხდა, როდესაც მთვარემ მზე სრულად დაფარა და კონტინენტის ნაწილში ცა მთლიანად დაბნელდა. ოცდაშვიდი წლის შემდეგ, ეს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენა კვლავ ბრუნდება და სრული დაბნელების „ეპიცენტრში“ ამჯერად ესპანეთი იქნება.

მზის სრული დაბნელების ტრაექტორია

2026 წლის მზის სრული დაბნელება ჩრდილოეთ რუსეთში დაიწყება, ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანესა და აღმოსავლეთ გრენლანდიას გადაკვეთს, პიკს ისლანდიასთან მიაღწევს და ჩრდილოეთ ესპანეთში დასრულდება. მთვარის მიერ მზის სრულად დაბნელების ხილვა ესპანეთის ქალაქებიდან 1 წუთისა და 50 წამის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ აფრიკისა და ევროპის სხვა ნაწილებში ამ მოვლენაზე დაკვირვება მხოლოდ ნაწილობრივი დაბნელების სახით იქნება შესაძლებელი. საბერძნეთში ის გამოჩნდება ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში (კორფუ, იგუუმენიცა, კონიცა, კასტორია, ფლორინა), თუმცა დაფარვის ხარისხი იმდენად მცირე იქნება, რომ პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის მზის პირველი სრული დაბნელება ესპანეთში 1905 წლის შემდეგ, ხოლო ისლანდიაში - 1954 წლის შემდეგ.

შემდეგი დაბნელება

მომდევნო მნიშვნელოვან ასტრონომიულ მოვლენამდე დიდი ხნით ლოდინი ევროპას ნამდვილად არ მოუწევს - 2027 წლის 2 აგვისტოს მზის სრული დაბნელება გადაივლის სამხრეთ ესპანეთზე, მაროკოზე, ალჟირზე, ტუნისზე, ლიბიაზე, ეგვიპტესა და საუდის არაბეთზე. სამხრეთ საბერძნეთსაც ექნება შესაძლებლობა, საკმაოდ დიდი ნაწილობრივი დაბნელება იხილოს.

რატომ არის დაბნელებები მნიშვნელოვანი მეცნიერებისთვის

ათენის ეროვნული ობსერვატორიის ასტროფიზიკოსი და საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის ეროვნული კოორდინატორი საბერძნეთში, ფიორის მეტალინუ განმარტავს, რომ სრული დაბნელებები უნიკალურ სამეცნიერო შესაძლებლობებს იძლევა.

„სრული დაბნელების დროს, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ მზის გარე ატმოსფეროს - მზის გვირგვინს. ამ დროს, ჩვენ ვსწავლობთ მის შემადგენლობას, რომელიც მზის აქტივობის მიხედვით იცვლება და მონაცემებს სხვა დაბნელებებს ვადარებთ, რათა უკეთ გავიგოთ მიმდინარე პროცესები“, - განმარტა ასტროფიზიკოსმა.

როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ბერძენი ასტრონომები, მათ შორის „ასტრონომიის მეგობართა კლუბის“ წევრები, ამ მოვლენაზე დასაკვირვებლად, ესპანეთში გამგზავრებას უკვე გეგმავენ.

2026 წლის ყველაზე შთამბეჭდავი ციური მოვლენები

მზის რგოლისებრი დაბნელება - 2026 წლის 17 თებერვალი

2026 წლის 17 თებერვალს მოხდება მზის რგოლისებრი დაბნელება. ამ დროს მთვარე მზეს სრულად ვერ ფარავს და კაშკაშა „რგოლს“ ტოვებს. ამ ფენომენის ხილვა მხოლოდ ანტარქტიდიდან იქნება შესაძლებელი; ის ნაწილობრივ სამხრეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკის ზოგიერ ნაწილშიც გამოჩნდება.

გაზრდილი მზის აქტივობა და ჩრდილოეთის ციალი

მიუხედავად იმისა, რომ მზის აქტივობა თავის მაქსიმუმს 2025 წელს აღწევს, მისი აქტივობა 2026 წელსაც ძლიერი იქნება. ეს ნიშნავს, რომ ჩრდილოეთის ციალის შთამბეჭდავი სანახაობები კვლავ გაგრძელდება, განსაკუთრებით - ჩრდილოეთის ქვეყნებში.

დაბნელებები, სუპერმთვარეები და „ლურჯი მთვარე“

ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ მზის დაბნელება ყოველთვის მთვარის დაბნელებამდე ან დაბნელებიდან დაახლოებით ორი კვირის ინტერვალში ხდება. შესაბამისად, 2026 წელს მთვარესთან დაკავშირებულ შთამბეჭდავ მოვლენებსაც ვიხილავთ. მათ შორის გამორჩეული იქნება მთვარის სრული დაბნელება (3 მარტი), როდესაც ე.წ. „სისხლიანი მთვარე“ მუქ ნარინჯისფერ და სპილენძისფერ ელფერს მიიღებს. ამ მოვლენის ხილვა შესაძლებელი იქნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის დიდ ნაწილში, წყნარ ოკეანეში, აზიისა და ოკეანეთის ნაწილებში. ამას მოჰყვება მთვარის ნაწილობრივი დაბნელება 27-28 აგვისტოს ღამით, რომელიც ევროპიდან, აფრიკიდან და აზიიდან გამოჩნდება. ათენში დაბნელების ხილვა 28 აგვისტოს დილის 06:50 საათზე იქნება შესაძლებელი. წლის განმავლობაში ასევე სამჯერ გამოჩნდება „სუპერმთვარე“ - 3 იანვარს, 24 ნოემბერსა და 23 დეკემბერს, - როდესაც მთვარე თავის პერიგეუმთან ახლოს იქნება და ცაზე საგრძნობლად დიდი და კაშკაშა გამოჩნდება. გარდა ამისა, მაისში გველოდება იშვიათი „ლურჯი მთვარე“ - 1 და 31 მაისს ორი სავსემთვარეობა დაფიქსირდება.

ზაფხულის კულმინაცია - პერსეიდები

პერსეიდები - ყველაზე პოპულარული მეტეორული წვიმა - პიკს იდეალურ პირობებში, 2026 წლის 12 და 13 აგვისტოს მიაღწევს, რაც ახალმთვარეობას ემთხვევა. მეტეორული ნაკადი 14 ივლისიდან 1 სექტემბრამდე გაგრძელდება, რაც დაკვირვებისთვის უამრავ შესაძლებლობას იძლევა.

წყარო: ათენის ეროვნული ობსერვატორია / APE-MPA

წყარო: 1 არხი