„მარგებელი ჰოლდინგის“ მმართველი პარტნიორის მიხეილ სვიმონიშვილის შეფასებით, ქვეყანას საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით არც თუ სახარბიელო მდგომარეობა აქვს, რადგან იმ საინვესტიციო პოტენციალის ათვისება, რაც საქართველოს აქვს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ამის შესახებ ბიზნესმენმა BMG-სთან, საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

 


მიხეილ სვიმონიშვილი მთავარ გამოწვევად ინფრასტრუქტურას ასახელებს.


„ძალიან ბევრი რამ გვაკლია, როგორც კერძო სექტორს, ასევე თვითონ გარემოს, სახელმწიფოს მხრიდან. ყველა მიმართულებით ბევრი რამ გასაკეთებელია და ბევრ შემთხვევაში ერთადაც [სახელმწიფო, კერძო სექტორი] არის გასაკეთებელი. ცალკე აღებული ვერაფერს ვერ მიაღწევ. თუ ეს ყველაფერი, თუნდაც ინფრასტრუქტურაში არ დალაგდა, ბევრი ინვესტორისთვის ვერანაირად საინტერესო ვერ იქნები, რაც არ უნდა კარგი კლიმატი გქონდეს. ამ მხრივ სამუშაო ძალიან ბევრია. აქ [ინფრასტრუქტურის ნაწილში] უფრო ვხედავ ჩამორჩენას, ვიდრე რაღაც კლიმატზე საუბრისას, რადგან თუ სხვადასხვა დარგში გამართული ინფრასტრუქტურა იქნება - საპორტო, სარკინიგზო თუ საგზაო, ამის მერე საბაჟოები და ასე შემდეგ... - იქნება ინვესტიციაც“, -აცხადებს მიხეილ სვიმონიშვილი.


მარგებელი ჰოლდინგის მმართველმა პარტნიორმა ქვეყნისთვის ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელებასა და FDI-ს მოზიდვის თავისებურებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ისეთი ნიშური პროდუქტის წარმოება დავიწყოთ, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი იქნება და შესაბამისად, ქვეყანას მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოუტანს.


„მე, საერთოდ, თავისუფალი ბაზრის მომხრე ვარ. კარგი მაგალითია თხილი, ყავა... მსოფლიოში ყავის მარცვლის 90%-ის შესყიდვა აფრიკიდან ხდება და ბევრი აფრიკული ქვეყანა საკვებისა უსაფრთხოებასა თუ სხვა დარგში არსებულ კანონმდებლობასთან ახლოსაც არ არის, მაგრამ ეს ევროპას სჭირდება, ბაზარს სჭირდება და ინვესტიციასაც აკეთებენ, პლანტაციასაც აშენებენ. ამიტომ, ყველაფერი პროდუქტზეა დამოკიდებული, ისეთი ნიშა უნდა ვიპოვოთ, რომლის საჭიროება და მოთხოვნა იქნება“, - განაცხადა ბიზნესმენმა.