ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონის ადრე დაწყების ფონზე, ვირუსის ახალი ვარიანტი სწრაფად ვრცელდება, ვაქცინაცია კი „დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად“ რჩება - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა.
გრიპი და სხვა რესპირატორული ვირუსები ამჟამად სწრაფად ვრცელდება, განუცხადა ჟენევაში ჟურნალისტებს ჯანმო-ს ეპიდემიისა და პანდემიის საფრთხის მართვის დეპარტამენტის გლობალური რესპირატორული საფრთხეების განყოფილების ხელმძღვანელმა ვენცინ ჩჟანმა. მისი თქმით, მიმდინარე სეზონი ხასიათდება AH3N2-ის (ე.წ. ჰონგკონგის) ახალი ვარიანტის გაჩენით და სწრაფი გავრცელებით. ის პირველად აგვისტოში ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს და მას შემდეგ 30-ზე მეტ ქვეყანაშია იდენტიფიცირებული, აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ხელმისაწვდომი ეპიდემიოლოგიური მონაცემები დაავადების სიმძიმის ზრდაზე არ მიუთითებს, თუმცა გენეტიკური ცვლილება ვირუსის ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. მისი თქმით, გრიპის ვირუსები მუდმივად იცვლება, რის გამოც გრიპის ვაქცინების შემადგენლობა რეგულარულად განახლდება.
„ჯანმო აკვირდება ამ ცვლილებებს, აფასებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებთან დაკავშირებულს და წელიწადში ორჯერ შეიმუშავებს რეკომენდაციებს ვაქცინის შემადგენლობის შესახებ გრიპის გლობალური მეთვალყურეობისა და რეაგირების სისტემის (GISRS) მეშვეობით, სხვა გლობალურ ექსპერტებთან თანამშრომლობით“, - ხაზგასმით აღნიშნა ჩჟანმა.
ჯანმო-ს ექსპერტმა განმარტა, რომ ახალი ვარიანტი არ შედიოდა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მიმდინარე გრიპის სეზონისთვის წარმოებულ ვაქცინებში. თუმცა, ადრეული მონაცემები მიუთითებს, რომ მიმდინარე სეზონური ვაქცინები კვლავაც უზრუნველყოფს დაცვას მძიმე დაავადებისგან და ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს.
ჯანმო-ს შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში სეზონური გრიპის დაახლოებით ერთი მილიარდი შემთხვევა რეგისტრირდება, მათ შორის მძიმე რესპირატორული დაავადების ხუთ მილიონამდე შემთხვევა. სეზონური გრიპით გამოწვეულ რესპირატორულ გართულებებთან წელიწადში 650 000-მდე გარდაცვალებაა დაკავშირებული.
მისივე განმარტებით, არსებული ვაქცინა დაახლოებით 75 პროცენტით ეფექტურია ბავშვებში მძიმე დაავადებებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის და დაახლოებით 35 პროცენტით ეფექტურია მოზრდილებში.
ჩჟანი ამბობს, რომ მოახლოებულმა სადღესასწაულო სეზონმა შეიძლება რესპირატორული დაავადებების ახალი ტალღა გამოიწვიოს.
ჯანმო-ს ექსპერტმა ასევე ურჩია ქვეყნებს გააძლიერონ ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და დაავადებათა მთელი წლის განმავლობაში მეთვალყურეობა და მონაწილეობა მიიღონ GISRS ქსელში.
ეს ქსელი მოიცავს გრიპის ცენტრებს 130 ქვეყანაში, ასევე ათზე მეტ ლაბორატორიას.
კითხვაზე, დარჩება თუ არა შეერთებული შტატები ამ ქსელის წევრად მომავალ წელს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმო-დან გასვლის გადაწყვეტილება 2026 წლის 22 იანვრიდან ძალაში შევიდა, ჩჟანმა აღნიშნა: „გრიპის, რესპირატორული მეთვალყურეობისა და მზადყოფნის თვალსაზრისით, ყველა ქვეყნისთვის აბსოლუტურად აუცილებელია მონაწილეობა მიიღოს გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების მეთვალყურეობაში, მომზადებასა და რეაგირებაში, რადგან არ ვიცით, როდის ან სად გამოჩნდება შემდეგი პანდემიური შტამი“.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ჰონგკონგის ვირუსი ამ ეტაპზე საქართველოშიც დომინანტურია.