წელი ცოტა რთულად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ - გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომის სეზონები უკვე იყო ძალიან დატვირთული, - ამის შესახებ სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ის გენერალურმა მენეჯერმა ელენე ოთარაშვილმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ელენე ოთარაშვილის განმარტებით, საკმაოდ გაზრდილია აზიიდან ტურისტების შემოდინება.
„ტურიზმის ადმინისტრაციამ წარმოგვიდგინა სამი კვარტალის შეჯამება, ძალიან საინტერესო პრეზენტაცია იყო. ეს წელი ცოტა რთულად დავიწყეთ, თუმცა შემდეგ - გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომის სეზონები უკვე იყო ძალიან დატვირთული. ბაზრების დივერსიფიკაციას რაც შეეხება, აზიიდან გაზრდილია ტურისტების შემოდინება. შეხვედრაზე შევეხეთ პრობლემებსაც, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. ვინაიდან ვიმსჯელეთ ბევრ თემაზე, რაც ჩვენს სექტორს აწუხებს. დადებითად შევაფასებ, რომ დაგეგმილია მარკეტინგული კამპანიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ბაზრების მოზიდვას. არსებული ბაზრებიდან კი ტურისტების ნაკადის ზრდას“, - აღნიშნა ოთარაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტები და გეგმები გააცნეს. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.
შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.
აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვ.
შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება.
შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს