"მართვის მოწმობის ჩამორთმევა უკვე ნიშნავს, რომ კონკრეტული პირი საზოგადოებისთვის საშიშ მძღოლად არის მიჩნეული", - ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა BMGTV-ს გადაცემა „საქმიანი დილაში“ მართვის მოწმობის ამნისტიაზე საუბრისას განაცხადა.
ლალიაშვილის განმარტებით, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკაში ამნისტიის გამოყენება უკიდურესად იშვიათია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მართვას ან სიჩქარის მკვეთრ გადაჭარბებას.
„ეს ჩვეულებრივი დარღვევა არ არის - ეს გამონაკლისი შემთხვევებია. როდესაც მართვის მოწმობის ჩამორთმევა ხდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ ადამიანი საშიშ მძღოლად ითვლება საზოგადოებისთვის. ასეთ შემთხვევაში მართვის მოწმობის ავტომატურად დაბრუნების და ამნისტირების ნაცვლად პირიქით, ამ ადამიანებს სხვა მიმართულებით უნდა დავეხმაროთ - ავუმაღლოთ ცნობიერება, მივცეთ შესაძლებლობა გამოცდების ხელახლა ჩაბარების “, - აღნიშნა ლალიაშვილმა.
„შანსი შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დადებითად, ისე უარყოფითად. თუ კომუნიკაცია მძღოლებთან და საზოგადოებასთან სწორად წარიმართება და ქულათა სისტემის აღსრულება ეფექტიანი იქნება, ეს უფრო პასუხისმგებლიან მძღოლებს შექმნის. თუმცა, არსებობს მეორე საფრთხეც - ამნისტია შეიძლება აღქმული იქნეს როგორც მძიმე დარღვევის პატიება, რაც წახალისებადი იქნება და მოლოდინს შექმნის, რომ მსგავსი “საჩუქარი” მომავალშიც განმეორდება“, - დასძინა მან.
მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკის სწორად დაგეგმვა და განხორციელება, რათა მიღებულმა გადაწყვეტილებებმა გრძელვადიან პერსპექტივაში რეალურად დადებითი შედეგები მოიტანოს.