ქართველმა, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონიდანაა, უკრაინაში კომპანია Mria Dron-ი დააარსა და ერთ წელში მოახერხა, რომ რეგიონულ ცენტრში უნიკალური დრონების საწარმო მოეწყო.
ილია კოლიევი 10 წლის ასაკში იძულებული გახდა მშობლებთან ერთად გაქცეულიყო, მას შემდეგ, რაც რუსეთი ე,წ სამხრეთ ოსეთში მათ „გადასარჩენად“ შევიდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრისას კი ის ქვეყნის დასავლეთით მდებარე პატარა რაიონულ ცენტრში აღმოჩნდა – ამბობს, რომ სიყვარულის გამო.
რუსეთის თავდასხმას, ახლა უკვე მის მეორე სამშობლოზე, ილია გულგრილი არ დახვედრია. ის ჯერ მოხალისედ მუშაობდა, შემდეგ კი როცა მიხვდა, რომ უკრაინელ დამცველებს უპილოტო საფრენი აპარატები აღარ ჰყოფნიდათ - დამოუკიდებლად დაეუფლა დრონების აწყობას, შეიმუშავა საკუთარი მოდელები უნიკალური მახასიათებლებით (მის დრონებს შეუძლიათ დაიმახსოვრონ საკუთარი მარშრუტი და დამოუკიდებლად დაბრუნდნენ) და შეკრიბა გუნდი. ერთი წლის წინ დაარსებული კომპანია თვეში 30 დრონს აწყობს და აქტიურად ახდენს ახალი მოდელების ტესტირებას. როგორ მოახერხა ეს?
ქართველი ჰუცული
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე კოლიევი ლოგისტიკით იყო დაკავებული და არასდროს ჰქონია შეხება ავიონიკასთან. კიევში მუშაობისას გაიცნო გალიციელი ქალი - შეუყვარდა, დაქორწინდა და რუსეთის უკრაინაში შეჭრისას მეუღლის მშობლიურ ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად. „ასე გავხდი ქართველი ჰუცული“- ამბობს ილია.
ომის პირველ დღეებში ილია აქტიურად მუშაობდა მოხალისედ. „ერთხელ ჩემმა კოლეგებმა მომიტანეს ორი ძველი DjI Phantom-ის დრონი – გატეხილი, დაშლილ მდგომარეობაში, მითხრეს, იქნებ აწყობა შეძლო, ფრონტს გადავცემდითო. ტექნიკური განათლება მაქვს და პრინციპში მთელი ცხოვრება მიყვარდა ტექნიკა. მაგრამ აქამდე დრონებთან საქმე არასოდეს მქონია“, - იხსენებს ის.
იდეა, რომ დამტვრეული დრონებისგან უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რაიმე სასარგებლო დაემზადებინა, კოლიევს მოეწონა. ამან აანთო და რამდენიმე დღეში ორივე მოდელი შეაკეთა. „როდესაც გარეთ გავიტანე ტესტირებისთვის, აზრმა გამიელვა, ამ ნივთს შეუძლია რაღაცის ჩაგდებაც“ - ამბობს ის. ამის შემდეგ ამ აზრს არ დავუტოვებივარ - იხსენებს ილია - „28 დღის განმავლობაში კაბინეტიდან გაუსვლელად ვიჯექი და ვსწავლობდი, ვარკვევდი, ვიგონებდი“
როცა ცნობილი გახდა, რომ ჰოსტომელისთვის ბრძოლებში ოკუპანტებმა გაანადგურეს ყველაზე დიდი უკრაინული თვითმფრინავი Ан-225 „მრია“ -კოლიევმა გადაწყვიტა თავისი დრონებისთვის სახელი ანტონოვის ლეგენდარული მოდელის პატივსაცემად დაერქვა.
საბოლოოდ, ივნისისთვის მათ მოახერხეს პირველი პროტოტიპის შექმნა, რომელიც თავდაჯერებულად დაფრინავდა. ილიამ გუნდის შეკრება დაიწყო - ეს იყო ყველაზე რთული, იხსენებს ის: „მაგრამ მე ვამაყობ, რომ მოვახერხეთ. ჩვენ გვყავს ხალხი, რომლებიც კიევიდან და სხვა ქალაქებიდან სპეციალურად გადმოვიდნენ რაიონულ ცენტრში“.
ახლა Mria Dron-ის გუნდში 20 ადამიანია. მას შემდეგ მათ მოახერხეს ასობით დრონის აწყობა და ფრონტისთვის გადაცემა - კოლიევი ზუსტ რაოდენობას არ ასახელებს. „ახლა თვეში საშუალოდ 25-30 დრონს ვქმნით“, - ამბობს ის.
კომპანიამ შეიძინა 3D პრინტერები და სხვა საჭირო აღჭურვილობა, "ჩიტებზე" მუშაობა შეუფერხებლად გრძელდება. „ჩვენ მივაღწიეთ იმ ტემპს, რომ დღეში ერთი დრონის დამზადება შეგვიძლია, მაგრამ ძირითადად საკითხის დახურვა შეკვეთის მიღებიდან საბოლოოდ დასრულებამდე 14 დღეში ხდება,“ - განმარტავს კოლიევი.
Mria Dron-ი ასევე ატარებს კურსებს დრონების ოპერატორებისთვის. „ჩვენ ვასწავლით არა მხოლოდ მართვას, არამედ იმასაც, თუ როგორ შეძლონ, რომ საჭიროების შემთხვევაში დრონი დამოუკიდებლად შეაკეთონ,” - აცხადებს ის.
ფუტკრებიდან ყარყატებამდე
Mria Dron-ი ახლა სერიულად აწარმოებს ოთხ მოდელს: Hell Cat, „ყარყატი“, „ყარყატი 2“ და „ფუტკარი“ - რომელიც მოულოდნელად ყველაზე დიდი მოდელია - ფრთების სიგრძე 3 მ-მდე აღწევს და შეუძლია 25 კგ-მდე „სიურპრიზი“ მოწინააღმდეგემდე 10 კმ-ის მანძილზე ატაროს.
„თუმცა ეს პირობითი დაყოფაა, რადგან ფაქტობრივად თითოეული დრონი მზადდება იმ კონკრეტული ქვედანაყოფის საჭიროებების მიხედვით, რომელიც ჩვენ დრონისთვის მოგვმართავს“- განმარტავს ილია. Mria Dron-ის დამფუძნებლის თქმით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სამხედროებთან, მათ შორის უმაღლეს სარდლობასთან.
რით ჯობია Mria Dron-ის „ჩიტები“ მის უცხოურ ანალოგებს? „ტექნიკური მახასიათებლები, ფასი, ტექნიკური მხარდაჭერა, გარანტია, უფასო გამოცვლა, ინდივიდუალური მუშაობა: საჭიროა რაიმე განახლება - გავიგეთ. გავაკეთეთ, “ - ამბობს Mria Dron-ის დამფუძნებელი.
მაგალითად, მას მოჰყავს კომპანიის ყველაზე პატარა მოდელი - Hell Cat - რომელიც ვიზუალურად და მახასიათებლებით ჰგავს ფრონტზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დრონს DJI Mavic 3-ს.
„მაგრამ მავიკს აქვს 4x-მდე ოპტიკური ზუმი, ხოლო Hell Cat-ს მინიმუმ 10x, ჩინურ დრონს შეუძლია 5-7 კმ-ზე ფრენა, ხოლო ჩვენ დრონს 35-40 კმ-ზე“, - განმარტავს ის.
ამასთან მოდელების ფასებზე საუბრისას კოლიევი ამბობს, რომ Mria Dron-ის დრონების მინიმალური ფასი 6000 აშშ დოლარია, სათადარიგო ნაწილების ბაზრის ცვლილებებიდან გამომდინარე, მაქსიმალური კი დაახლოებით 20 600 აშშ დოლარი.
Mria Dron-ის უპილოტო საფრენ აპარატებს ყიდულობენ როგორც თავად სამხედროები, ასევე მოხალისეები და მეწარმეები, კომპანიის დამფუძნებელი ამბობს: „ჩვენ ვცდილობთ ყოველი ათი აწყობილი დრონიდან ერთი ან ორი ფრონტს უფასოდ მივაწოდოთ“.
დრონი-ბუმერანგები
როგორც კოლიევი აღნიშნავს, უკრაინული დრონების უპირატესობა უცხოურ სამოქალაქო ანალოგებთან შედარებით, „ბუმერანგის“ უნიკალური ფუნქციაა. ამავდროულად, მტერი ვერ აკონტროლებს მათ მოძრაობას, ან ოპერატორების ადგილმდებარეობას, ამბობს კოლიევი.
ფრონტზე მოწინააღმდეგე აქტიურად იყენებს რადიოელექტრონულ საშუალებებს: დრონებზე მათი გავლენის სრულად ჩახშობა შეუძლებელია, აღნიშნავს Mria Dron-ის დამფუძნებელი. „მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად დაცული ვართ რადიო ელექტრონული ბრძოლის ზემოქმედებისგან ჩვენს მიერვე შემუშავებული სისტემების წყალობით”, - ირწმუნება ის.
ასევე, Mria Dron-ის დრონები არ იწერენ ვიდეოს საკუთარ კამერაზე, ამიტომ მოწინააღმდეგეს მისი ნახვა არ შეუძლია - მეხსიერების ბარათი, რომელიც მონაცემებს აფიქსირებს, არის ოპერატორთან, განმარტავს Mria Dron-ის დამფუძნებელი.
მომზადებულია biz.liga.net-ის მიხედვით