აქციებზე დაკავებული მოქალაქეების უფლებადამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ - ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ადვოკატები ამბობენ, რომ დაპატიმრებულებს დარეკვის უფლებას უზღუდავენ.

ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, უჭირს გაიხსენოს შემთხვევა, როდესაც იზოლატორში გადაყვანილ ადამიანს დროულად მისცეს შანსი, მისი ინტერესების დამცველთან კონტაქტზე გასულიყო.

ლაშა ცუცქირიძე იმასაც ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, ვახო გომელაურის უწყების თანამშრომლები ადვოკატებს არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები მოინახულონ იქამდე, სანამ წინასწარი მოთავსების იზოლატორში შეასახლებენ.

"არ მახსენდება შემთხვევა, როდესაც პირს ვიცავდი ადმინისტრაციული წესით, დასაცავ პირს ეთქვა ჩემთვის, რომ მათ ადვოკატთან დარეკვის უფლება მისცეს. ფაქტობრივად, არცერთ პირს არ აქვს ფუნდამენტური უფლება, რომ დაურეკოს ადვოკატს, უზრუნველყოფილი იყოს კონსულტაციით. კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, დაცვის უფლება ირღვევა ორმხრივად. ერთი მხრივ, ერღვევა ადმინისტრაციულად დაკავებულ პირს. მეორე მხრივ, ადვოკატები არათუ ხშირ შემთხვევაში, არამედ ვერასდროს ვერ ვნახულობთ პირს, ვინც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არის იშვიათი გამონაკლისები, როცა საპატრულოს მიერ არის დაკავებული. დაახლოებით მაინც ვხვდებით, რომ ისინი არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გადაყვანილები. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი დაკავებულთან მიდის, აქაც ვერ ახერხებს დაკავებულთან შეხვედრას". - განაცხადა ლაშა ცუცქირიძე.

წყარო: tv pirveli