საქსტატის თანახმად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 2770 ელექტრომობილი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ორჯერ მეტია.
აღსანიშნავია, რომ წლის ამ მონაკვეთში ქვეყანაში 27 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ჩინური მანქანების იმპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 111%-ით მეტია. ამის მიზეზად სფეროს სპეციალისტები ძირითადად ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას ასახელებენ. თუმცა გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. მაგალითად ის, რომ ჩინური ელექტრომობილები ქართული ბაზრისთვის შედარებით ახალია, მისი ტექნიკური შეფასება კი დროის საკითხია.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის თქმით, ჩინური ავტომობილების იმპორტის მაღალი პროცენტული ზრდა არ ნიშნავს, რომ ელექტრომობილების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა შემოდის. უბრალოდ, გასულ წლებში ქვეყანამ რაოდენობრივად საკმაოდ ცოტა ჩინური ელექტრომობილი შეიძინა.
,,პროცენტული ზრდა არ ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით ელექტრომობილი შემოდის. პირიქით, აქამდე მცირე რაოდენობით შემოდიოდა და ეს მაჩვენებელი გაორმაგდა. ჩინური მანქანების ავკარგიანობაზე ასოციაცია ვერ ისაუბრებს, ვერც რეკლამას გავუკეთებთ და ვერ ანტირეკლამას. ეს ორივე მომხმარებელთა საქმეა. ტესტირება უნდა გაიაროს ჩინურმა ავტომობილებმა ჩვენთან, რამდენად მოერგება ჩვენ პირობებს. ასევე, რამდენად მოერგება ჩვენი მომხმარებლების პირობებს და იმ გარემოს, რა გარემოშიც ექსპლუატაცია უწევს. ყველაფერი ამის გავლის შემდეგ, ან მოიპოვებს ნდობას, ან ვერ მოიპოვებს“,- ამბობს ნონიაძე.
გასათვალისწინებელი რისკია ისიც, თუ რამდენადაა საკმარისი ელექტრომობილების დასატენი სადგურების რაოდენობა, განსაკუთრებით გაზრდილი იმპორტის პირობებში.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, სადგურების რაოდენობა კრიტიკულად მცირეა, თუმცა მას არსებული რაოდენობის მომსახურება შეუძლია. პრობლემების წარმოქმნა კი მცირე მატების შემთხვევაშიც შესაძლებელია, მაგალითად, თუ ელექტრომობილების საერთო რაოდენობა 10%-ზე მეტით გაიზრდება.
ამ მხრივ გამოსავალი ან დასატენი სადგურების რაოდენობის გაზრდაა, ან ძვირადღირებული ელექტრომობილების შემოყვანა, რაც ცხადია, საშუალო ფენისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
,,ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რეგიონები ქალაქზე უფრო მეტად მოუმზადებელია. დედაქალაქში კი არ არის საკმარისი რაოდენობის ინფრასტრუქტურა, იგულისხმება დასატენი ადგილები. არ გვაქვს იმ რაოდენობის ინფრასტრუქტურა, რომელიც დიდი რაოდენობით შემოყვანის შემთხვევაში მოთხოვნას გაუძლებს.
საკმაოდ ძვირია ისეთი ელექტრომობილები, რომლებსაც სვლის დიდი რესურსი აქვს. პირობითად რომ ავიღოთ, წითელწყაროდან ან თბილისიდან ბათუმამდე ჩამსვლელი ელექტრომობილების რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
ისეთი მომხმარებლები კი რომლებსაც ძვირადღირებული ელექტრომობილების შეძენა შეუძლიათ, სულ რამდენიმეა. მასობრივად რომ შემოვიდეს ელექტრომობილი და საშუალო ფენაზე იყოს გათვლილი, როგორც აღვნიშნე ამას ჩვენი ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს.
ან მომხმარებელმა უნდა გადაიხადოს მაღალი ფასი და იყიდოს ძვირადღირებული ელექტრომობილი, რომელსაც სვლის მაჩვენებელი ექნება მაღალი, ან შედარებით დაბალფასიან სეგმენტში ამ ავტომობილების სვლის რესურსი არის საკმაოდ დაბალი.
ზოგადად, ელექტრომობილების 10%-იანი და მეტი ზრდის შემთხვევაში, ძნელია გარკვეულ ციფრებზე საუბარი, მაგრამ პირობითად, ალბათ, უკვე მოუმზადებლები ვიქნებით. შეიძლება ამ დროისთვის რესურსმა რაღაცნაირად გაგვაძლებინოს, მაგრამ როგორც გითხარით, თუ ელექტრომობილების საერთო რაოდენობა 10%-ით ან მეტით გაიზრდება, რესურსი რაც გვაქვს ელექტრომობილების მომსახურებას ვერ აუვა. დედაქალაქში ამ კუთხით კიდევ კარგი მდგომარეობა გვაქვს, გზებზე ნაკლებად არის დასამუხტი სადგურები, რეგიონებში ფაქტობრივად, არ არის“,- თქვა ალექსანდრე ნონიაძემ.
ქრისტინა კვაჭანტირაძე