დღეს, 12 სექტემბერს, მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, ამერიკული Apple-ი ტექნოლოგიური სამყაროს წლის მთავარ ღონისძიებას გამართავს, რომელზედაც სხვა მოწყობილობებთან ერთად, ახალი თაობის სმარტფონებს და ჭკვიან საათებს წარადგენს.

პრეზენტაცია, რომელიც თბილისის დროით ღამის ცხრა საათზე დაიწყება, ტრადიციულად, Apple-ის სათავო ოფისში, შტატ კალიფორნიის ქალაქ კუპერტინოში გაიმართება.

ღონისძიებაზე გამოჩნდება iPhone 15-ის, Apple-ის საათებისა (Smartwatches) და ყურსასმენების (Airpods) ახალი მოდელები. საყურადღებოა, რომ აღნიშნული სამი პროდუქტი Apple-ის შემოსავლების 60%-ს შეადგენს. 

დამატებით, ღონისძიებაზე სავარაუდოდ განხილული იქნება Apple-ის აღნიშნული სამი პროდუქტის პროგრამული განახლებები: iOS 17, iPadOS 17 და watchOS 10.