შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უწყების შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საზოგადოების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებულნი. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს, შეკრება-მანიფესტაცია გამართონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაემორჩილონ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას და არ შეუშალონ ხელი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც ცნობილია, რუსთაველის გამზირზე საპროტესო აქციაზე მოქალაქეები 16:00 საათიდან შეიკრიბებიან. დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა, რომელიც თსუ- პირველი კორპუსიდან 15:00 საათზე დაიწყება.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 311 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.