„ხელისუფლების ნებისმიერი განცხადების მიუხედავად ასეა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია“, - ამის შესახებ „გოცირიძის მეღვინეობის“ თანადამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან დასავლურ სამყაროსთან პარტნიორობის შეჩერება მისი ქმედებების შედეგია.
„ეს ყველაფერი მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს და საზოგადოების პროტესტს საფუძველი რა თქმა უნდა, აქვს. წარმოუდგენელია, რომ ამდენი ადამიანი შეცდომაში იყოს შესული, რადგან დღეს ყველას მიუწვდება ხელი ძალიან ბევრ ინფორმაციაზე. ხელისუფლება ირწმუნება, რომ მას არ შეუჩერებია ეს პროცესი და ევროპის მხრიდან იყო არასწორი დამოკიდებულება, მაგრამ ასეც რომ ყოფილიყო, კითხვა ისმის, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? აქ, „გლობალური ომის პარტიის“ არგუმენტად მოყვანა, მარტივად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებით და შეჩერებულია პარტნიორობა დასავლეთთან“, - აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.
როგორც მან განმარტა, საქართველოს მხრიდან დასავლურ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმა ნეგატიურად აისახება ვალუტის კურსისა და ბაზრის სტაბილურობაზე, ასევე დააზიანებს საინვესტიციო გარემოს და დასავლელი ინვესტორების თვალში მნიშვნელოვნად შეამცირებს საქართველოს სანდოობას.
„შესაძლოა, საქართველოს სახელმწიფომ, რომელსაც დღეს არ აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები, მოახერხოს დასავლური ფონდების თანხების მაკომპენსირებელი სახსრების მოძიება. შეიძლება ესეც უთხრან მოქალაქეებს, მაგრამ ეს არ იქნება სიმართლე. ნებისმიერი ინვესტორი, თუნდაც საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია ან ბანკი, ზედმიწევნით სწავლობს საინვესტიციო ბაზარს და ერთ-ერთ ინდიკატორად აუცილებლად უყურებს იმას, თუ რა გრანტებსა და დაფინანსებებს იღებს სახელმწიფო დასავლური ინსტიტუტებისგან. ამიტომ, ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე.
თუმცა, აქაც ქვეყნის კურსზეა საუბარი. შესაძლოა, დასავლური ინვესტიციები აღარ შემოვიდეს, მაგრამ შეიძლება ვთქვათ, რომ ამას დავფარავთ, უტრირებულად, რუსული, ირანული, კორეული ინვესტიციებით. ანუ იმ ქვეყნებიდან ინვესტიციებით, რომლებიც არ არიან დემოკრატიული. დასავლური დახმარებები და გრანტები არ კონვერტირდება თანხობრივ განზომილებაში. შეიძლება ეს იყოს 6 მლრდ დოლარი პირობითად და შეიძლება ეს თანხა ჩვენს სახელმწიფოსაც აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სანდოობა გვექნება.
მეორე საკითხია, რომ ეს ნეგატიურად აისახება ჩვენი ვალუტის კურსის და ბაზრის სტაბილურობაზე. ის, რომ ჩვენს საერთაშორისო რეზერვებს შეუძლია მდგომარეობის დარეგულირება, არ ნიშნავს, რომ პროცესი არ არის ნეგატიური. ეს რეზერვები ყოველთვის ივსება თანამეგობრობასთან პარტნიორობით. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან დასავლურ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის თქმას, შესაძლოა, მყისიერი შედეგები არ მოჰყვეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის ჯანსაღი და ხელისუფლება რიცხვებით ცდილობს საზოგადოების მანიპულირებას“, - აღნიშნა ანდრო გოცირიძემ.