ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლები, რომელთა სუდანის საზღვრიდან ტრანსპორტირებაც განხორციელდა, ამჟამად კაიროში იმყოფებიან, საიდანაც მოხდება მათი საქართველოში ჩამოყვანა.

„გვსურს, გაგიზიაროთ ბოლო სიახლეები ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის შესახებ. დღეს ისინი უკვე იმყოფებიან კაიროში, სადაც დაისვენებენ და შემდეგ მოხდება მათი ჩამოყვანა საქართველოში. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უზრუნველყო სუდანის საზღვრიდან ქაირომდე ჩვენი თანამშრომლების ტრანსპორტირება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანხლებით.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით თურქეთში საქართველოს კონსულს, ბატონ კონსტანტინე კოტარიას, რომელიც უწყვეტად უკავშირდებოდა ავიაკომპანიის მენეჯმენტს და აწვდიდა ყველა საჭირო ინფორმაციას.

ასევე, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც უშუალოდ ჩართული იყო ჩვენი თანამშრომლების ევაკუაციის პროცესში და ყველა იმ ადამიანს, ვინც თანაუგრძნობდა და მხარს უჭერდა ჩვენს თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.