შაქარი და მისი სინთეზური შემცვლელები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ  ჭარბი დოზით შაქრის მიღება მავნებელია, თუმცა გაცილებით საშიშია ალტერნატიული საშუალებები, რასაც საკვებ ინდუსტრიაში იყენებენ. 

მეცნიერები ადასტურებენ, რომ თავისი მოქმედებით, შაქარი და მისი შემცვლელები არანაკლებ საშიშია ტრანსცხიმებზე, რომელთა მავნებლობის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცის. შაქრის ჭარბი მოხმარება ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორიც დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ალცჰაიმერის დაავადებებია, ასევე, სხვადასხვა ანთებითი პროცესები. შაქარს ადანაშაულებენ ასევე სიმსივნის ფართოდ გავრცელებაშიც.

შაქარი ,,თეთრი სიკვდილად" იწოდება, თუკი ის ჭარბი დოზით არის გამოყენებული. ხშირად მის ნაცვლად სხვა დამატკბობლებს იყენებენ, როგორიცაა, მაგალითად, საქარინი და ასპარტამი, რომელიც 300-ჯერ ტკბილია და მისი მოხმარება  დიდი მავნებლობაა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნახევრად დამოუკიდებელ კომიტეტში აცხადებენ, პოპულარული ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი ათასობით პროდუქტში გვხვდება, მათ შორის გაზიან სასმელებსა და უშაქრო საღეჭ რეზინებში. ორგანიზაცია ითხოვს, რომ ამ პროდუქტს  „ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენის“ კატეგორია უნდა მიენიჭოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს მიერ მიმოხილული ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ შეიძლება არსებობდეს კავშირი ასპარტამსა და ღვიძლის კიბოს შორის. თუმცა, ასეთი დასკვნა საბოლოო არ არის, როგორც ეს თუნდაც აზბესტისა და თამბაქოს შემთხვევაშია.

ასპარტამი ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ საკვებ დანამატად მიიჩნევა არსებულთა შორის. მრავალი მარეგულირებელი ორგანო, მათ შორის, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია გამუდმებით აღნიშნავს, რომ გარკვეული მითითებების ფარგლებში გამოყენებისას, ასპარტამი ადამიანებისათვის უსაფრთხოა. უფრო მეტიც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცალკე კომიტეტმა ასევე ჩაატარა ასპარტამის რისკების შეფასება და აცხადებს, რომ ორგანიზაციის საკუთარი სახელმძღვანელო შეცვლას არ საჭიროებს.

ზოგიერთი მეცნიერი და საკვებისა და სასმლის მწარმოებელი შიშობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ „შესაძლო კანცეროგენურის“ იარლიყი მომხმარებლებს დააბნევს.

ასპარტამი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული ხელოვნური დამატკბობელია. უკვე ათწლეულებია, რაც ის ბაზარზეა. კალორიების კონტროლის საბჭო — საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც დაბალ და შეზღუდული რაოდენობის კალორიების სურსათისა და სასმელების ინდუსტრიას წარმოადგენს, აღნიშნავს, რომ გლობალურად ასპარტამი დაახლოებით 6000 პროდუქტში გვხვდება.

ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრის, აკადემიკოს რამაზ გახოკიძის თქმით, განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს შაქრის შემცვლელები (დამატკბობლები), რომელთაც ფართოდ იყენებენ დიეტურ (დაბალკალორიულ) პროდუქტებსა და საღეჭ რეზინებში და მათ რეკლამებს უწევენ როგორც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტებს. მაგალითად, სწორედ ასეთია ასპარტამი, რომელსაც ქართველი მწარმოებლები იყენებენ. იგი არაკალორიული დამატკბობელია, რომელიც შედგება ბუნებრივი ამინმჟავების (ასკორბინის მჟავა, ფენილალინი) ნაშთებისგან. იგი ასევე ცნობილია შემდეგი სახელწოდებებით: ნუტრისვიტი, სვიტლი, სლასტილინი, სუკრაზიდი და გამოიყენებენ 5000-ზე მეტი დასახელების პროდუქტის (უალკოჰოლო სასმელები, საღეჭი რეზინები და ა. შ.) დასამზადებლად.

,,საკვებით უბრალოდ, ყოველდღიურად ვიწამლავთ თავს. ადამიანი ყოველწლიურად საკვებთან ერთად იღებს 3 კილოგრამ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას - პესტიციდებს, საღებავებს, ემულგატორებს, კონსერვანტებს, გემოს და სუნის გამაძლიერებლებს. მაგალითად, ვაშლს კანადაში სეზონის განმავლობაში 70-ჯერ წამლავენ სხვადასხვა ქიმიკატებით. ყველა სინთეზური შაქრის შემცვლელი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის", - განაცხადა რამაზ გახოკიძემ.

რაც შეეხება ასპარტამს, აკადემიკოსის შეფასებით, დადგენილია, რომ მისი  ხანგრძლივად გამოყენება იწვევს თავის ტკივილს, გულის აჩქარებას, თავბრუსხვევას, ღებინებას, საჭმლის მონელების დარღვევას, ხმაურს ყურებში, ალერგიას, დეპრესიას, უძილობას. 30 გრადუსამდე ტემპერატურამდე გაცხელებით იგი იშლება მეთანოლად.

რამაზ გახოკიძის თქმით, აშშ-ში გავრცელდა გაფანტული სკლეროზის ეპიდემია. სწორედ მეთანოლით მოწამვლა იწვევს გაფანტული სკლეროზის იმიტაციას. ხშირად მეთანოლით მოწამვლა ეშლებათ გაფანტული სკლეროზის დიაგნოზში.

,,ასპარტამით მოწამვლის შედეგად მრავალი ადამიანი დაბრმავდა. მისი დაშლით გამოყოფილი მეთანოლი თვალის ბადურაში გარდაიქმნება ფორმალდეჰიდად -უძლიერეს კანცეროგენად, რომელიც ცხოველებში იწვევს ტვინის კიბოს. ფორმალდეჰიდი კლასიფიკაციით მიეკუთვნება იმავე ჯგუფს, რასაც დარიშხანი და ციანწყალბადმჟავა - სასიკვდილო შხამები. ასპარტამი წარმოადგენს ნევროლოგიურ დაავადებათა განვითარების მიზეზს. იგი ცვლის ქიმიურ ნივთიერებათა შემცველობას ტვინში, კერძოდ, იწვევს დოფამინის დონის ცვლილებას.

წარმოიდგინეთ, თუ რა ზიანს მიაყენებს ასპარტამი პარკინსონით დაავადებულ ავადმყოფს. იგი განსაკუთრებით დიაბეტიკებისთვის არის საშიში. მისი გავლენით სისხლში შაქრის დონე არაკონტროლირებადი ხდება, რის შედეგადაც მრავალი პაციენტი კომაში ვარდება და კვდება. შეიმჩნევა ასევე მეხსიერების მკვეთრი დაკარგვის შემთხვევები, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ასპარგინის მჟავა და ფენილალანინი ცილის წარმომქმნელი სხვა ამინმჟავების არარსებობის შემთხვევაში, ნეიროტოქსიკურია. ფენილალანინი გროვდება თავის ტვინის სტრუქტურებში, რაც იწვევს გონებრივ ჩამორჩენას. ტვინის სიმსივნეში აღმოჩენილ იქნა ასპარტამის მაღალი შემცველობა", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას რამაზ გახოკიძემ.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ქართული მეცნიერების დიდი გამარჯვებაა შაქრის შემცვლელი უნიკალური მცენარის  სტევიას ფართოდ  გავრცელება, რომლის პლანტაციებიც აჭარისა და გურიის რეგიონებშია გაშენებული. ამ კულტურის გამრავლება-მოშენება კი სწორედ რამაზ გახოკიძის ცნობილი პრეპარატით - ,,ბიორაგით" - მოხდა.

,,გასული საუკუნის 80-იან წლებში სტევიას არსებობა არავინ იცოდა, ახლა ამ მცენარის უნიკალურ თვისებებს თითქმის ყველა იცნობს. აჭარასა და გურიაში მთელი პლანტაციებია. ეს მცენარე შეიცავს სტევიოზიდს, რომელიც 300-ჯერ ტკბილია შაქარზე, არის უვნებელი, არ იწვევს კარიესს, არ ასუქებს (რადგან მისი კალორიულობა 0-ის ტოლია და ახასიათებს ანტიციროზული და ანტიდიაბეტური აქტივობაც კი).

დღეს არსებული ხელოვნური დამატკბობლების გამოყენებით ამზადებენ ლიმონათს, რასაც, ძირითადად, მიირთმევენ ბავშვები, რის გამოც მათი ჯანმრთელობა სერიოზულ საფრთხეშია. ჩვენ შეგვიძლია ქართულ ბაზარზე ეს მავნე ნივთიერებები (რომელთა უმრავლესობა ნავთობის გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენებიდან არის დამზადებული) სრულად ჩავანაცვლოთ,  ამის პოტენციალი და რესურსიც გაგვაჩნია", - განაცხადა აკადემიკოსმა ჩვენთან საუბრისას.

სრულად: resonancydaily.com