ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესში ცვლილება შევიდა. შინაგან საქმეთა მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანების თანახმად საპატრულო პოლიციის თანხმობას აღარ საჭიროებს ისეთი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, რომლის საქარე მინაზეც შუქგამტარობა მწარმოებლის მიერ არის შემცირებული და არ აღემატება 30%-ს.

მინისტრის ბრძანებით მე-3 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას

  • საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40%-ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე – 75%-ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას.
  • სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტარობის შემცირება აკრძალულია, გარდა ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობას არ საჭიროებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის წინა საქარე მინაზე შუქგამტარობა შემცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის (მწარმოებლის) მიერ და შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 30%-ს.“ - ნათქვამია ბრძანებაში, რომელიც ძალაში საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებისთანავე შევიდა.


ამასთან 2022 წელს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად მოხდა სასჯელის დიფერენცირება სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქების პროცენტულობის მიხედვით: თუ მინების დამუქება არაუმეტეს 10 %-ით აღემატება დადგენილ ნორმებს, სანქცია იქნება 100 ლარი და მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების 5 ქულით შემცირება, თუ მინების დამუქება 10 %-ზე მეტით აღემატება დადგენილ ნორმებს – ჯარიმა 500 ლარი და მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების 10 ქულით შემცირება.