შვეიცარიის ფედერალური აუდიტორები კომპანია Ruag Holding-ს (საბრძოლო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავიაციო-კოსმოსურ ინჟინერიასა და თავდაცვის ინდუსტრიაში - რედ.) თაღლითობაში, ნდობის ატმოსფეროს არარსებობაში, გამჭვირვალობის ნაკლებობასა და რეგულარულ გადაცდომებში ადანაშაულებენ.

შვეიცარიის ფედერალურმა აუდიტის სამსახურმა (SFAO) კომპანიის მართვისა და ხელმძღვანელობის მეთოდები, აგრეთვე შესაძლო თაღლითობის ფაქტები შეისწავლა. დასკვნები შემაძრწუნებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით - მარაგების მენეჯმენტისა და ტანკ „ლეოპარდ1“-ის შესყიდვების ნაწილში.

2020 წელს RUAG-ის გაყოფის შემდეგ, კომპანიაში ხუთი მმართველი დირექტორი შეიცვალა. ასეთმა საკადრო ქაოსმა სტაბილური მართვის პროცესების ხელი შეუშალა.

უწყვეტობის და მემკვიდრეობითობის ნაკლებობამ დირექტორთა საბჭოში ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების დეფიციტიც შექმნა. ამ პრობლემის არსებობას თავად Ruag Holding-ც აღიარებს.

შვეიცარიის ფედერალური აუდიტის სამსახური თავდაცვის ფედერალურ დეპარტამენტსაც აკრიტიკებს, რომელიც კომპანიის მესაკუთრეა. SFAO რეკომენდაციას აძლევს თავდაცვის უწყებას, რომ უფრო პროაქტიული გახდეს და განაახლოს კონფედერაციის, Ruag Holding-ისა და armasuisse-ს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების ოქმების წარმოება. ამასთან, კომპანიის მიზნებს და მომავალს SFAO ოპტიმისტურად აფასებს.

შესაძლო თაღლითობა

შვეიცარიის ფედერალურმა აუდიტის სამსახურმა ტანკების, „ლეოპარდ 1“-ის და „ლეოპარდ 2“-ის შესყიდვების საკითხიც შეიწავლა და აღმოჩენილი დარღვევების გარე გამოძიება კომპანია NFK-ს დაუკვეთა. გამოძიების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

SFAO-ს ანგარიშის თანახმად, მოძიებულია საკმარისი მტკიცებულება, რომ თაღლითობის ეჭვი არსებობდეს. საქმეში, სავარაუდოდ, სულ მცირე, ერთი ყოფილი აღმასრულებელი პირი იყო ჩართული. შვეიცარიის მთავრობის ფინანსურმა ზედამხედველმა, კერძოდ, აღმოაჩინა, რომ აღჭურვილობა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად იყიდებოდა.

გარიგებები, რომლებიც ეკონომიკურად არ იყო გამართლებული, კომპანიის საზიანოდ განხორციელდა.

გარდა ამისა, კომპანიას დაეკისრა ჯარიმები და დღგ-ს დავალიანების გადახდა იტალიაში ბიზნეს-საქმიანობისთვის. ფინანსური ზარალი რამდენიმე ათეულ მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენს.

არასაკმარისი კონტროლი

კომპანიის მარაგების კონტროლიც ასევე არადამაკმაყოფილებელია. Ruag Holding-ი, რომელიც არმიის აღჭურვილობის მარაგის მართვაზეა პასუხისმგებელი, აღჭურვილობას მესამე მხარეებზე, სავარაუდოდ, უნებართვოდ ყიდდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლებამოსილება გააჩნდათ, არც არმიას და არც მის ლოჯისტიკურ ბაზას Ruag Holding-ის ინსპექტირება ან აუდიტი არ ჩაუტარებიათ. SFAO რეკომენდაციას უწევს მათ, გააძლიერონ კონსიგნაციური მარაგების მონიტორინგი.

ვინაიდან გარე გამოძიება ჯერ ისევ მიმდინარეობს, ამიტომ SFAO-ს მიერ წარმოდგენილი შედეგები შუალედურია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შვეიცარიის ფედერალური აუდიტის სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციას იცავს. თავის მხრივ, Ruag Holding-ი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს SFAO-ს მიერ აღმოჩენელი ხარვეზების გამოსასწორებლად.

წყარო: 1 არხი