იუდეის უდაბნოში მკვდარ ზღვასთან ახლოს არქეოლოგებმა 2200 წლიანი პირამიდალური სტრუქტურა აღმოაჩინეს, რომელიც მონეტებითა და იარაღით არის სავსე. ინფორმაციას ისრაელის სიძველეების სამმართველო ავრცელებს.
არქეოლოგებმა აღნიშნეს, რომ იდუმალებით სავსე პირამიდალურ სტრუქტურაში ბევრი კარგად შენახული ნივთი იპოვეს.
„ეს აღმოჩენა საოცრად ამაღელვებელია და ემოციურიც კი. მისი მნიშვნელობა არქეოლოგიური და ისტორიული კვლევებისთვის ძალიან დიდია“, - განაცხადა ისრაელის სიძველეების სამმართველოს დირექტორმა ელი ესკოსიდომ.
პირამიდა ხელით დამუშავებული ქვებით არის აშენებული. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს ისტორიული ძეგლი, სამარხი ან საგუშაგო იყო. დაბალი ტენიანობის წყალობით, ნივთები ათასწლეულების განმავლობაში კარგად შეინახა. მათ შორისაა პაპირუსი, რომელზეც წარწერები ძველბერძნულ ენაზეა დაწერილი. არქეოლოგების თქმით, წარწერები იმ ენაზეა შესრულებული, რომელზეც სელევკიდების იმპერიისა და პტოლემეების სამეფოს მოსახლეობა საუბრობდა. აღმოჩენილ ნივთებს შორისაა უძველესი ბრინჯაოს მონეტები და თასები, ავეჯის ნაწილები, მძივები, იარაღი, ქსოვილები, თესლები. ეს ყველაფერი მშრალი კლიმატის წყალობით შეინახა და განადგურებას გადაურჩა, განმარტეს არქეოლოგებმა.
არქეოლოგიური გათხრები 8 აპრილამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მეცნიერები აღმოჩენილი ნივთების დეტალური შესწავლით დაკავდებიან.
წყარო: imedinews.ge