რა შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს შოვსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ეპიდემიოლოგიური საფრთხე?

სტიქიის ზონასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფექციის გავრცელების წყარო, პირველ რიგში, წყალია. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვიხსნის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამეწყრილ ტერიტორიას კავშირი აქვს იმ წყლებთან, რომლებსაც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა გამოიყენებს, მაშინ არსებობს სხვადასხვა ნაწლავური ინფექციის გავრცელების საშიშროება და ამიტომ ტერიტორია მაქსიმალურად დროულად უნდა გასუფთავდეს:

„რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ, მაგალითად, საქონლის ლეშიდან სხვადასხვა ინფექცია გავრცელდეს. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, მათ ექნება კონტაქტი იმ წყალთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს და ან ეს წყალი უკავშირდება იმ რეზერვუარებს, საიდანაც მოსახლეობა წყლით მარაგდება. მასშტაბსა და რისკებზე საუბარს მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი გვეცოდინება, არის თუ არა მეწყრისგან დაბინძურებული ტერიტორია დაკავშირებული იმ წყლებთან, რომელსაც მოსახლეობა გამოიყენებს“.

ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ წყლის დაბინძურების შემთხვევაში, არსებობს ისეთი ბაქტერიების გავრცელების რისკი, რომლებიც იწვევენ ნაწლავურ ინფექციებს.

რაც შეეხება წყლის მიღმა ანუ ტრანსმისიურ, მწერების მიერ ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რისკი დაბალია, რადგან ინფექციონისტის თქმით, ისეთი ინფექციური დაავადებები, რომლებიც მწერის ნაკბენით ვრცელდება, ამ ეტაპზე რაჭაში არ გვხდება.

ნონა ბაკურაძე, ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ იმ შემთხვევაში, თუკი დამეწყრილი ტერიტორია დროულად არ გაიწმინდება, სტიქიის ზონაში მოსალოდნელია გარკვეული ეპიდემიოლოგიური პრობლემის შექმნა, თუმცა, მისი თქმით, ისინი მზად არიან, რომ "პრობლემა არ შეიქმნას“.

ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დამეწყრილ ტერიტორიას არ აქვს კავშირი იმ წყლებთან, რომლებსაც მოსახლეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს:

„ეს პროცესი კონტროლდება და ამ ეტაპზე მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რომ საფრთხე ემუქრება იმ წყაროების დაბინძურებას, რომლიდანაც მოსახლეობა იღებს სასმელ წყალს. ჩვენს სამსახურში ინფორმაცია ამის თაობაზე არ შემოსულა. ის ტერიტორია, რომელიც დაიმეწყრა, არ ერევა იმ წყაროებს, რომლებსაც სოფლის მოსახლეობა გამოიყენებს ხოლმე“.

სტიქიის ზონის მიმდებარედ სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გვეუბნებიან, რომ კომპანია არ ოპერირებს დამეწყრილ ტერიტორიაზე. მათი განმარტებით, კომპანია წყალს სოფელ ჟიჟორეთის სათავე ნაგებობიდან, რიონის ფილტრატიდან იღებს, თუმცა სტიქიის შემდეგ ისინი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებენ თვალს წყლის ხარისხს:

„სტიქიის შემდეგ კვლევები დღის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება. ორგანულ-ლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების კვლევების მიხედვით, სასმელი წყლის ხარისხი აკმაყოფილებს ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს. ასევე ლაბორატორიული დასკვნების საფუძველზე, წყალი არის უსაფრთხო ქიმიური, ეპიდემიური და რადიაციული თვალსაზრისით. შესაბამისად, კომპანიის მომხმარებლებისთვის სასმელი წყალი ხარისხითა და მისი შემადგენლობით ვარგისიანია. წყლის შემოწმება სისტემატიურ რეჟიმში გაგრძელდება და ნებისმიერი მცირედი გადაცდომის შემთხვევაშიც კომპანია მიიღებს შესაბამის ზომებს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ელენე კავსაძე, კომპანიის ორგანიზაციული უზრუნველყოფის აპარატის უფროსი.

მასალა ვრცლად იხილეთ: radiotavisupleba.ge- ზე