2024 წლის აგვისტოში თბილისში 3,133 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელს 5%-ით ჩამორჩება. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს.
გაყიდული ბინების მიხედვით უბნების რეიტინგში პირველ ადგილს კვლავ დიდი დიღომი იკავებს, რომელზედაც გაყიდვების 21% მოდის, მეორე ადგილზე კი 15%-იანი წილით საბურთალოა.
„ახალი ბინების გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ სამგორსა და დიდ დიღომში დაფიქსირდა. უკანასკნელში ყველაზე მეტი ახალი ბინა გაიყიდა. ძველი ბინების შემთხვევაში ლიდერი რაიონი საბურთალოა, რომელსაც მეორე ადგილზე დიდი დიღომი მოსდევს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,233 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 6%-ით გაიზარდა. ბინების გასაქირავებელი ფასი კი 11.5 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 8%-ით ნაკლებია.
2024 წლის აგვისტოში მ²-ის საშუალო ფასი ვაკესა და მთაწმინდის რაიონში $2000-მდეა. თიბისი კაპიტალის მიხედვით, საგრძნობლად გაზრდილია ახალი ბინების ფასი კრწანისში, დიდ დიღომსა და ნაძალადევში.
ბაზრის მოცულობამ $250 მილიონი შეადგინა და წლიურად 1%-ით შემცირდა.