ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, ბადრი გუნბა 6 თებერვალს მოსკოვში ჩავიდა. ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ იმით, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც მტკიცდებოდეს. სავაჭრო ბრუნვა გვეზრდება, როგორც მესმის, გასულ წელს აფხაზეთის მშპ 8%-ით გაიზარდა. დარწმუნებულები ვართ, რომ პოტენციალი, რომელიც ჩვენს კავშირებშია, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტურიზმის სფეროში, აუცილებლად მიგვიყვანს მომავალ ზრდამდე, როგორც ეკონომიკის, ისე სოციალური პრობლემების გადაწყვეტის, მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესების მხრივ." - თქვა ლავროვმა.

ბადრი გუნბა ოკუპირებული აფხაზეთის გადაყენებული ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ფრთას წარმოადგენს. ოკუპირებულ რეგიონში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისამდე გუნბა ე.წ. ვიცეპრეზიდენტი იყო.

ლავროვის მტკიცებით, მოსკოვში სოხუმის აეროპორტის გახსნას ელიან, რაც, მისივე თქმით ოკუპირებულ აფხაზეთს ტურიზმის განვითარებაში დაეხმარება. მან სოხუმს "ყოფილი საბჭოთა კავშირის მარგალიტი" უწოდა.

გუნბა შეხვდა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრ რომან სტაროვოიტსაც. მათი საუბრის შემდეგ უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფრენების დაწყება ამ წლის მაისში იგეგმება.

"რუსეთსა და აფხაზეთს შორის ფრენების შესრულებით უკვე დაინტერესდა რამდენიმე რუსული ავიაკომპანია. სატესტო რეისი აეროპორტის მიმართულებით დაგეგმილია 2025 წლის 7 თებერვალს. რეგულარული პირდაპირი საჰაერო კავშირის აღდგენა იგეგმება ამ წლის მაისში, 30 წელზე მეტხნიანი შეჩერების შემდეგ." - ნათქვამია რუსეთის სატრანსპორტო სამინისტროს განცხადებაში.

ამას გარდა, სტაროვოიტმა თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ რეგიონთან გამშვები პუნქტის გამტარობის შესაძლებლობას ერთნახევარჯერ გაზრდიან.

ოკუპირებულ რეგიონში არსებული ელექტროკრიზისის ფონზე გუნბა შეხვდა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ევგენი გრაბჩაკსაც. გრაბჩაკის თქმით, რუსეთი ხვალვე იქნება მზად, აღადგინოს აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

"ჩვენ გვესმის, რომ აფხაზეთის მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ელექტროენერგიის დეფიციტით და მზად ვართ საფუძვლიანად განვიხილოთ აფხაზეთის ელექტროენერგეტიკული კომპლექსის განვითარების ყველა ასპექტი, ელექტროენერგიის მიწოდების ასპექტები. და მე ვფიქრობ, რომ ერთად აუცილებლად ვიპოვით დეფიციტის საკითხთა გამოსავალს, რომელიც ამჟამად ჩნდება." - თქვა გრაბჩაკმა.

ოკუპირებული რეგიონის ოპოზიციურ მედიებში წერენ, რომ, რეალურად, აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ვალერი ბგანბას დამსახურებაა. როგორც აიაშარა წერს, ბგანბა რუსეთთან ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა და "ვიღაც ეცდება, რომ ეს კარგი ამბავი მიიწეროს". ბჟანიას წინააღმდეგ განწყობილი სეპარატისტების ნაწილი ბგანბას უჭერს მხარს.

გუნბა შეხვდა რუსეთის ფინანსთა მინისტრსაც, ანტონ სილუანოვს. მათი საუბრის შემდეგ უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში გაგზავნა ფინანსური დახმარების სახსრები, "რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით".

გუნბამ პირობები მიიღო რუსეთის ვიცეპრემიერი ალექსანდრ ნოვაკისგანაც.

ნოვაკის თქმით, რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ინვესტიციის შეთანხმებას გადახედავენ და გაითვალისწინებენ ურთიერთსარგებელს.

გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ბჟანიას რეჟიმის წინააღმდეგ დაწყებული კრიზისის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს შეთანხმება იყო.

"ჩვენ დავუბრუნდებით მის განხილვას და, რა თქმა უნდა, უზრუნველვყოფთ ორმხრივ, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობისა და ბიზნესის ინტერესებს. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესს." - თქვა ალექსანდრ ნოვაკმა.

ამას გარდა, ნოვაკის თქმით, რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს სურთ გამონახონ მექანიზმი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ენერგოსექტორის ექსპლუატაციას უზრუნველყოფს.

ნოვაკმა დამატებით აღნიშნა, რომ ბადრი გუნბას ინიციატივით, შეიქმნება სპეციალური ფონდი ოკუპირებული აფხაზეთის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, რისთვისაც 100 მილიონ რუბლს გამოყოფენ.

მოახლოებული დე ფაქტო ვადამდელი არჩევნების წინ რუს პოლიტიკოსთა მსგავსი განცხადებები და მთლიანად 6 თებერვლის ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კრიზისში მოსკოვი მხარს უჭერს ბადრი გუნბასა და ასლან ბჟანიას ფრთას.

tabula.ge