საქართველოში ხანდაზმულთა დაახლოებით 52% ამბობს, რომ ემოციურ მარტოობას განიცდის. ეს გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის შედეგია, რომელიც 2021 წელს ჩატარდა.

საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშში კი წერია, რომ ქვეყანაში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 15.6%-დან 16.2%-მდე გაიზარდა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს რიცხვი 30%-მდე გაიზრდება.

„საქართველოს სჭირდება, რომ 60 და 65+ ადამიანები ჩავრთოთ როგორც სოციალურ, ასევე კულტურულ თუ ეკონომიკურ საქმიანობაში, სხვა გამოსავალი საქართველოს არ აქვს”, – ამბობს მარიამ ბანძელაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

სოციალურ და კულტურულ აქტივობებში ხანდაზმულთა ჩართვის ხელშესაწყობად თბილისის მერია და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით 60+ კლუბებს ხსნიან.

ასეთი კლუბი თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ორია.

„მარტო წამოვედი, რომ გავიგე. უნდა ვიარო, ახლოს ვცხოვრობ, თორემ შორს რომ ყოფილიყო, მე ვერ ვივლიდი, ძალიან მიჭირს სიარული და ამიტომ. 78 წლის ვარ და ფიზიკური ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს. მინდა ვივარჯიშო, ჩემი ჯანმრთელობისთვის და გამოვკეთდე“, – ამბობს „60+კლუბის” წევრი გულნაზ აბუთიძე.

და რა არის 60+ კლუბი?

„ნებისმიერ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა, ის თემქაზე ცხოვრობს თუ მეზობელ უბანში, მას შეუძლია ამ კლუბის წევრი გახდეს, იყოს უფრო მეტად აქტიური, უფრო მეტი გაიგოს, ისწავლოს, შეიძინოს ახალი უნარები, მეგობრები და რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნდეს იმაში, რომ მისი ცხოვრება არ სრულდება საპენსიო ასაკის მიღწევისას, არამედ პირიქით, ახალი ცხოვრება ეხსნებათ და დარწმუნდნენ, რომ ისინი არ არიან მარტო ბებიები და ბაბუები არამედ არიან ჩვენი საზოგადოების სრულყოფილი წევრები და შეუძლიათ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ კვლავაც”, – ამბობს თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მარკეტინგის ხელმძღვანელი ია ვეკუა.

მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ თბილისის სხვა უბნებშიც გაიხსნება მსგავსი სივრცეები და რომ ქვეყანაში, საჯარო პოლიტიკა უპასუხებს და გაითვალისწინებს ხანდაზმულთა საჭიროებებსა და მათ უფლებებს…

წყარო: euronews georgia