ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ონის მუნიციპალიტეტში ახლადგახსნილი ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი მოინახულა, რომელიც ბავშვებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევს - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი, ონის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროსა და ონის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი მუშაობის შედეგად გაიხსნა. კაბინეტი სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკითა და კვალიფიციური კადრებით.
ჯანდაცვის მინისტრმა, პერსონალთან შეხვედრისას, მაღალი ხარისხის სერვისებსა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ონში ბავშვებისთვის სტომატოლოგიური კაბინეტის საკითხი ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან სპეკულაციის საგანი იყო. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და უზრუნველყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნა.
ონში მინისტრთან ერთად, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე, ონის მერი სერგი ხიდეშელი და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.