ამ ეტაპზე სანიტრების მინიმალურ ხელფასზე მუშაობა მიმდინარეობს და ხდება თანხის გამოთვლა, რის შედეგადაც უნდა დადგინდეს, თუ რამდენი ლარი იქნება იმ პერსონალის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, რომელზეც ეს რეგულაცია ჯერ არ გავრცელებულა.

ამის შესახებ jandacva.ge-სთან საუბარში კლინიკა „რემედიქალის“ დირექტორმა ცოტნე აბაშიძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ჯანდაცვის სექტორი ახლა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, მათ შორის - „დიარჯის“ საკითხთან დაკავშირებით.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 7 ივლისს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექიმებისა და ექთნების შემდეგ მინიმალური საათობრივი ანაზღაურება სამედიცინო სფეროში დასაქმებულ სხვა პერსონალსაც დაენიშნება. საუბარია სანიტრებზე, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარისა და ექთნის თანაშემწეებზე, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე სტაციონრებში არიან დასაქმებულები.

არსებული ინფორმაციით, სანიტრებისა და დაბალი რგოლის მედპერსონალის სხვა წარმომადგენლებისთვის საათში 3-ლარიანი ანაზღაურების დაწესება განიხილება, რაც, შრომის ინსპექციის მონაცემებით, 6 ათასამდე ადამიანს შეეხება.

ცოტნე აბაშიძე ამბობს, რომ მის კლინიკაში სანიტრებს დღესაც აქვთ უფრო მაღალი ანაზღაურება, ვიდრე 3 ლარია. თუმცა ეს არაა ის თანხა, რაც სექტორში კადრების გადინების პრობლემას მოაგვარებს. ამასთან, მისი თქმით, სფეროსთვის მთავარი გამოწვევა „დიარჯის“ ფარგლებში სხვადასხვა სამედიცინო სერვისზე შემცირებული დაფინანსებაა.

„განსაკუთრებით ინტენსიურად ხდება კადრების გადინება გერმანიაში. როდესაც ექთანს თვეში 4 ათას ევრომდე გამოსდის ანაზღაურება, რთულია მათი აქ დაკავება. ერთ-ერთი პირისგან, რომელიც გერმანიაში წავიდა, ვიცი, რომ იქ მას 1200 ევროს გადახდას ჰპირდებიან, თუკი ის სხვა ექთნებს მიიყვანს. მიზეზი ისაა, რომ გერმანიაში ექთნების დეფიციტია, იქ მთელი განყოფილებები დგას ერთ ექიმზე, დანარჩენ საქმეს კი ექთნები აკეთებენ და ამიტომ ამ კადრებზე დიდი მოთხოვნაა,“ - განაცხადა ცოტნე აბაშიძემ და ასევე აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნებისგან, მაგალითად კანადისგან განსხვავებით, სადაც ასევე მოთხოვნაა სამედიცინო კადრებზე, გერმანია სავიზო რეჟიმითა და ტერიტორიული თვალსაზრისით ქართველი კადრებისთვის გაცილებით მიმზიდველია. რაც შეეხება ენას, ცოტნე აბაშიძის განმარტებით, ამ კუთხით საქართველოდან წასული პერსონალის მიმართ მკაცრი მოთხოვნები არ არის და ექთნებისთვის გერმანული ენის ზედმიწევნით ცოდნა სავალდებულო არაა.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

jandacva.ge