ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 2026 წლის თებერვლიდან დღემდე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 80 000-მდე ოჯახი გადამოწმდა. მისივე თქმით, გადამოწმების შედეგად დაახლოებით 35 000 ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა.
სარჯველაძის განცხადებით, ოჯახების უმრავლესობის შემთხვევაში დახმარების შეწყვეტის მიზეზი მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება გახდა.
მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემების გადამოწმების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და სხვადასხვა კრიტერიუმის საფუძველზე მომავალშიც გაგრძელდება.
„სახელმწიფომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა აკონტროლოს, ვის ესაჭიროება და ვის შეიძლება არ ესაჭიროებოდეს ეს მხარდაჭერა, ვინ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს და ვინ არა. ამიტომ ეს პროცესი გრძელდება და აქტიურ ფაზაშია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე ინფორმაციით, როდესაც გადამოწმების პროცესი დაიწყო, საარსებო შემწეობის მიმღებად 184 000 ოჯახი იყო რეგისტრირებული. სარჯველაძე განმარტავს, რომ ოჯახების სოციალური მდგომარეობის შეფასებისას შესაძლებელია ქულა როგორც შემცირდეს, ისე გაიზარდოს, რადგან შეფასება რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება.
მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმებისა და „ბაზის გასწორების“ შედეგად სახელმწიფო რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს დაზოგავს.
სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების აქტიური პროცესი თებერვლის ბოლოს დაიწყო. სარჯველაძის განცხადებით, არსებული მონაცემთა ბაზა ვერ შეესაბამებოდა ქვეყანაში ბოლო წლებში არსებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს და ამის გამო, მისი შეფასებით, „იქმნებოდა ნიადაგი რიცხვებით მანიპულირებისა და ყალბი შთაბეჭდილებების შესაქმნელად“.
ოჯახების გადამოწმების აუცილებლობაზე მანამდე, პარლამენტში გამოსვლისას, ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, პირველადი ანალიზის მიხედვით, სოციალური შემწეობის მიმღებთა 8% შეძლებულ ოჯახებს წარმოადგენს.
Tabula.ge