31 ივლისს რუსულ გემის „ასტორია გრანდეს“ ბათუმში შემოსვლას სტუდენტები პორტში აქციით დახვდებიან.

მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკრუიზო ლაინერი პორტში დილის 06:00 საათზე გაჩერდება, განრიგის მიხედვით კი 10:00 საათზე რუსი ტურისტები გემიდან ჩამოსხდებიან.

„სტუდენტები მივემართებით ბათუმისკენ, რათა შესაფერისად დავხვდეთ რუსულ გემს. იგი 31 ივლისს, დილის 6 საათზე ჩერდება პორტში. ამ დროიდან დავიწყებთ შეკრებას. ცხრიდან ათ საათამდე კი გელით ყველას. განრიგის მიხედვით, სწორედ 10 საათზე აპირებენ რუსი „ტურისტები“ გემიდან გადმოსვლას და ბათუმის გარშემო ტურებში ჩართვას. ოკუპანტებს დავხვდებით ცოცხალი ჯაჭვით და მოგიწოდებთ ყველას, შემოგვიერთდეთ. რუსული გემის ადგილი საქართველოს პორტში არ არის!“, - აღნიშნულია სტუდენტების განცხადებაში.

სტუდენტების მოქალაქეებს მოუწოდებენ შეუერთდნენ დაგეგმილ აქციას.