საქართველომ 192 მლნ კგ ხორცი და ხორცპროდუქტი მოიხმარა 2022 წელს, საიდანაც 148.4 მლნ კგ (ჯამურის 77.3%) იყო ხორცი, ხოლო 43.6 მლნ კგ (ჯამურის 22.7%) ხორცპროდუქტები (სოსისი, სარდელი, ძეხვი და ა..). ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.

ხორცეულიდან ყველაზე დიდი მოთხოვნა ფრინველის ხორცზეა, ხოლო შემდეგ ღორისა და საქონლის ხორცზე. 2017-22 წლებში ხორცის მოხმარება საშუალოდ 1.8%-ით, ხოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 3.8%-ით გაიზარდა.

საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ხორცის მოხმარებამ 2022 წელს 39 კგ შეადგინა, რაც მცირედით აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს (34კგ), მნიშვნელოვნად აჭარბებს აფრიკისა (13კგ) და აზიის (26კგ) საშუალო მაჩვენებლებს და ჩამორჩება ევროპისა (63კგ) და ამერიკის ქვეყნების (99კგ ჩრდილოეთ და 61კგ ლათინური ამერიკა) მაჩვენებლებს.

ჩვენი პროგნოზით ხორცის მოხმარება მომავალი ხუთი წლის განმავლობაში (2023-27) წლიურად საშუალოდ 5.0%-ით გაიზრდებახოლო ხორცპროდუქტების მოხმარება 8.0%-ით. მოთხოვნის წარმმართველი იქნება მოსახლეობის მსყიდველობითი უნარისა და ტურიზმის ზრდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

მომდევნო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოში ხორცის მოხმარების 14%-იანი ზრდაა მოსალოდნელი FAO-ს მიხედვით. ამასთან, ყველაზე მაღალი ზრდა პროგნოზირებულია განვითარებად ქვეყნებში და ყველაზე მეტად ფრინველის ხორცის მოხმარების ზრდაა მოსალოდნელი. ზოგადად, ხორცის მოხმარების ტენდენციებს განსაზღვრავს ქვეყნის დემოგრაფია, მოსახლეობის ცხოვრების დონე, კულტურული და რელიგიური ფაქტორები, და ა.შ.