GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს. მაია მელიქიძე „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, GEDC ენერგეტიკის სექტორში მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების მხარდაჭერასა და თანადაფინანსებაში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.
„ენერგეტიკის სექტორში, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების გაკეთება, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი კრიტიკული თემაა. ჩვენ გვისაუბრია იმის შესახებაც, რომ დაკრედიტების მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა ბოლო პერიოდში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, ერთ-ერთი არის FDI-ის შემცირება სექტორში. მეორე მიზეზი კი გახლავთ - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან გარკვეული შეზღუდვები ფინანსური თვალსაზრისით, არა მარტო ამ სექტორთან მიმართებით, არამედ - ზოგადად. GREDA-ში იყო მოლოდინი, რომ ამ ყველაფერს წამოიღებდნენ კომერციული ბანკები და ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. რაც შეეხება მომავალში ამ ყველაფრის ადეკვატურად მართვას, ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციასა და GREDA-ს შორის შედგეს საკომუნიკაციო შეხვედრა, სადაც მოგვაწვდიან ინფორმაციას, თუ რა არის ის გეგმები, რომლის განხორციელებასაც ფიქრობენ ენერგეტიკის სექტორის დახმარების თვალსაზრისით“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.
მისი თქმით, დღეს, ენერგეტიკის სექტორში უკვე აკუმულირებულია ექსპერტიზა, კომპეტენცია, კვალიფიკაცია, როგორც მზის, ისე ქარისა და ჰიდროს მიმართულებით.
„არსებობენ მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები. ამიტომ, ჩვენთვის აქ უკვე მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა ფინანსებზე და ასევე ის, რომ გარკვეულწილად ცხადი, მკაფიო, განჭვრეტადი იყოს ის თამაშის წესები, რომლებიც მომავალში ელოდება ინვესტორს“, - განმარტა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისივე თქმით, ინვესტორებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მედეგობა და თამაშის ის წესები, რომლებიც არ შეიცვლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.