Zinc Network და „CRRC საქართველოს“ კვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის ნოემბერთან შედარებით, 2023 წლის იანვარში 12%-ით იმატა მოქალაქეთა წილმა, ვინც მიიჩნევს, რომ საბჭოთა კავშირის დროს „ქართული კულტურა და ფასეულობები უკეთ იყო დაცული“.
თუ 2021-ის ნოემბერში ამ მოსაზრებას ეთანხმებოდა 31%, 2023-ის იანვარში დაეთანხმა 43%.
ამავე პერიოდში შემცირდა იმ მოქალაქეთა წილი, ვინც ამბობს, რომ სსრკ-ს დროს ქართული კულტურა და ფასეულობები დათრგუნული იყო – 54%-დან 34%-მდე შემცირდა.
8% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება;
15% უარს ამბობს პასუხზე.
ამავე კვლევის თანახმად, შემცირდა იმ მოსახლეობის წილიც, ვინც ფიქრობს რომ ქართველებმა სტალინით უნდა იამაყონ:
„პატრიოტი ქართველი უნდა ამაყობდეს, რომ სტალინი ქართველი იყო“, – ამ მოსაზრებას მოსახლეობის 37% ეთანხმება, არ ეთანხმება - 31%; ხოლო 17% - ნეიტრალურად არის განწყობილი.
2021 წელს გამოკითხულთა 45%-ი მიიჩნევდა, რომ პატრიოტი ქართველი უნდა ამაყობდეს, რომ სტალინი ქართველი იყო.
კვლევა CRRC საქართველომ Zinc Network-ის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შედგა 2,757 პირისპირ ინტერვიუ. გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა), 2023 წლის 11 იანვრიდან 8 თებერვლამდე, ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე წარმოებდა. ცდომილების საშუალო ზღვარია: +/- 2.4%. დამატებით, CRRC საქართველომ 2023 წლის 10-14 მარტს ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა 1,048 რესპონდენტთან მთელი საქართველოს მასშტაბით ქართულ ენაზე, კვლევის ამ ნაწილში ცდომილების საშუალო ზღვარია 2.6%. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.