„ნატოს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატოში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატოს წევრობა რაღაში დასჭირდება?! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ნატო, გაწევრიანების მიმართულებით, საქართველოზე 10-ჯერ დიდ ქვეყანასთან დაკავშირებითაც ვერ დგამს ქმედით ნაბიჯებს, რადგან მესამე მსოფლიო ომში ჩართვა მათ არ სურთ.
მისი თქმით, იმით, რომ საქართველო ნატოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრმა წარადგინა, ქვეყანას არაფერი დაუკარგავს.
„ზოგიერთ სიუჟეტს ბოლო კვირის განმავლობაში მართლა ღიმილით ვუყურებდი. იქ ნაჩვენები იყო, თითქოს ნატოს სამიტზე რაღაც სასწაული მოხდა, უკრაინამ დეოკუპაცია შეძლო, ომში გაიმარჯვა და საქართველო ამ ყველაფრის მიღმა აღმოჩნდა. რეალურად რა მოხდა? გარდა იმისა, რომ თქვეს, MAP-ი აღარ დასჭირდება, პირდაპირ განაცხადეს ისიც, რომ უკრაინა ნატოში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს. თუ უკრაინამ რუსეთი დაამარცხა, ნატოს წევრობა რაღაში დასჭირდება? ნატო უსაფრთხოების გარანტია და ჩვენ ამიტომაც მივისწრაფვით იმისკენ, რომ მათი წევრი გავხდეთ. ნატოში თქვეს, რომ ისინი მესამე მსოფლიო ომს ვერ დაუშვებენ და არ სჭირდებათ უკრაინა“, - აღნიშნა პრემიერმა.