ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალესაზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას „გაურბიან“ სწორედ NGO-ები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ "დაფინანსებაში არის რაღაც დასამალი".

„ეს განმარტებები, პირველ რიგში, საზოგადოებამ უნდა მოისმინოს, რატომ უმალავენ ისინი საკუთარ დაფინანსებას ქართულ საზოგადოებას. თქვენ გახსოვთ, მათი მთავარი მესიჯი იყო სტიგმატიზაცია. ისინი აცხადებდნენ, რომ არ სურდათ, დარეგისტრირებულიყვნენ უცხოური ძალის გავლენის აგენტებად. ამ დროს დარეგისტრირდნენ პირდაპირ უცხოურ ძალად. აქედან ჩანს, რამდენად ყალბი იყო მათი გზავნილები სტიგმატიზაციასთან დაკავშირებით და ზოგადად, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით. ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის. ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები, რაც უტყუარი დასტურია იმისა, რომ ამ დაფინანსებაში არის რაღაც ისეთი, რაც არის მათთვის დასამალი", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.

ასევე, კობახიძემ განმარტა, რომ მაგალითად, თუ სტუდენტი იღებს სტიპენდიას, მას არ შეეხება საკანონმდებლო ცვლილებები, ამიტომ სიცრუეა, რომ ვინც რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, ყველას შეეხება.

„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე. კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს და პოლიტიკა რა არის, ძალიან მარტივადაა ასევე კანონით განმარტებული. თუ არის პოლიტიკური შინაარსი, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია, ამაზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ", - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა სოციალურ ქსელში აქტივობებთან და ინფლუენსერებთან დაკავშირებითაც, რაზეც პრემიერმა თქვა, რომ პოლიტიკური შინაარსის "პოდკასტისთვის" უცხოური დაფინანსება არ უნდა მიიღონ.

კობახიძემ განმარტა, რომ კანონი განსაზღვრავს ყველაფერს „ზუსტად და ზედმიწევნით“. პრემიერის მტკიცებით, თუ პოლიტიკური შინაარსის „პოდკასტი“ ვრცელდება და მათ შორის მისი რეკლამირება ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის „თავის შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევაა“.

„პოდკასტი შეგიძლიათ ჩაწეროთ, რა თქმა უნდა, ეს არის გამოხატვის თავისუფლება. თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის "პოდკასტს", მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ "პოდკასტისთვის". იმიტომ, რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მარტივად არის საქმე“, - განაცხადა პრემიერმა.

Ipn.ge