თუ ახლა ოპოზიციამ შეცდომების გააზრების მაგივრად, ისევ ურთიერთბრალდებებში, ერთმანეთისთვის მოღალატეებისა და აგენტების ძახილში გაატარა შემდეგი თვეები, ისევ მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს, - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, წინააღმდეგობის მხოლოდ ერთი ეტაპი დამთავრდა.

„ახლა, დღეს, პირველი ისინი ნუ გამოვარდებით გუშინდელი აქციის ორგანიზატორების ჩასაქოლად, ვინც სულ რამდენიმე დღის წინ ანათემას გადაგვცემდით იმ ხალხს, ვინც „მორიდებულ ეჭვს“ გამოვთქვამდით პაატა ბურჭულაძისა და მის გვერდში მყოფი ლიდერების პოზიციის ადეკვატურობის თაობაზე. ფაქტია, რომ წინააღმდეგობის მხოლოდ ერთი ეტაპი დამთავრდა და თუ ახლა ოპოზიციამ შეცდომების გააზრების მაგივრად ისევ ურთიერთბრალდებებში, ერთმანეთისთვის მოღალატეებისა და აგენტების ძახილში გაატარა შემდეგი თვეები, ისევ მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს!

ხელისუფლების გასაგონად, (თუ მანდ ვინმეს რამე შეესმინება) თქვენ დიდი გასახარი არაფერი გაქვთ, თბილისში გამოსული ადამიანების (თქვენით უკმაყოფილო სხვა კონტინგენტზე არაფერს ვიტყვი) და არჩევნებზე თქვენ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა აშკარად მიუთითებს, რომ თქვენ მიერ გატარებულ პოლიტიკის მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება არსად გამქრალა. თქვენი გამარჯვება თუ თქვენ მიერ ხელისუფლების ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორებაში გადაიზრდება, ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება. დანარჩენზე ცოტა ემოციებ ჩამცხრალზეა სასაუბრო. დღეს კი პირველ რიგში მოფერება და მხარდაჭერა სჭირდება იმ ათასობით ახალგაზრდას, ვინც წელიწადზე მეტი, რაც შეუძლია იბრძვის ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ისე, რომ არც ჭკვიანი წინამძღოლი ჰყავს პოლიტიკური ლიდერების სახით და არც ის ხალხი, რომელიც თავის ცოდნით და გამოცდილებით დაიცავდა მათ შეცდომებისგან და გზას გაუკვალავდა წარმატებისკენ. ამ ცოდვაში სხვისკენ არ ვიშვერ ხელს, პირველ რიგში, საკუთარ თავს და ბევრ ჩემს მეგობარს ვგულისხმობ“, - წერს ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში.