"სილქნეტი" და "სილქ როუდ ჯგუფის" კომპანიები ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას გამოხატავენ.
"სილქნეტის" განცხადებაში ასევე დაგმობილია ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.
"სილქნეტი და სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო არ უნდა გავიდეს საკონსტიტუციო მართლწესრიგიდან და დარჩეს ევროპულ სივრცეში. ამ გზაზე უარის თქმა ნიშნავს თავისუფლებაზე, წინსვლასა და მომავალზე უარის თქმას.
არა ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ!",- ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად შეკრებილი ხალხის მიმართ განხორციელებული ძალადობა დაგმო "მაგთომაც" და განაცცხადა, რომ რჩება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრული კურსის ერთგული.
"ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას ალტერნატივა არ აქვს. საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს მაგთოკომი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მეორე დღეა, საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე მოხსნან დღის წესრიგიდან საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს, სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 107 პირია დაკავებული. ანუ უწყებამ ერთ ღამეში 107 ადამიანი დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბრის აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში 40 პირი გადაიყვანეს.
მიმდინარე პროცესებისგან დისტანცირებისა და პროტესტის ნიშნად სამსახურები დატოვეს: ეროვნული ბანკის ასეულობით თანამშრომელმა, თბილისის მერიის თანამშრომლების ნაწილმა, იუსტიციის სახლის ათეულობით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა, პროსახელისუფლებო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურ პოლიტიკას გაემიჯნა სემეკისა და პარლამენტის თანამშრომლების ნაწილი. პოსტები დატოვეს და "ქართული ოცნების" ანტიევროპულ პოლიტიკას გაემიჯნენ ქართველი დიპლომატები, ელჩები. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების შეწყვეტას გაემიჯნენ სოციალური მუშაკებიც.
ძალადობა დაგმო და ქართველ ხალხს თანადგომა გამოუცხადა სპორტსმენების ნაწილმა. პროტესტის ნიშნად დაიხურა რამდენიმე რესტორანი. გაკვეთილის ჩატარებაზე უარი თქვა რამდენიმე პედაგოგმა.
ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო სხვადასხვა დარგობრივმა ბიზნესგაერთიანებებმა და ასოციაციებმა.
სპექტაკლები გააუქმეს ან გადადეს თეატრებმა.