"საქართველოში ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმის დამყარება აპრიორი ნიშნავს, რომ დასავლეთისთვის ჩაიკეტება სომხეთიც - თუ უკრაინაში ომი გაჩერდა რაღაც დროის განმავლობაში (დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეიძლება, მოხდეს უახლოესი 6-8 თვის განმავლობაში, შეიძლება, უფრო მყისიერადაც), რუსეთი საკუთარი ძალების გადაჯგუფებას და საკუთარი საზოგადოებისთვის პიარული თვალსაზრისით რაღაცის მიყიდვის კონტექსტში შეეცდება რაღაც გეოპოლიტიკური „გამარჯვების“ მიღწევას," - ასე ფიქრობს უსაფრთხოების სექტორში საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე, ამჟამად "საქართველოსთვის“ წევრი კახაბერ ქემოკლიძე, რომელიც  accentnews-ს  ესაუბრა.

მისი პროგნოზით, ასეთ შემთხვევაში, რუსეთი დომინანტის როლს აღიდგენს სამხრეთ კავკასიაში. ეს არ აწყობს დასავლეთს, რაც, ქემოკლიძის აზრით, გასათვალისწინებელი კონტექსტია. 

"რა შეიძლება იყოს ეს გეოპოლიტიკური „გამარჯვება“? ერთ-ერთი სწორედაც სამხრეთ კავკასიაში მისი აქტიურად დაბრუნებაა იმ ფონზე, როდესაც სტრატეგიულ დონეზე გაძევებულ იქნა სომხეთიდან; საზოგადოებრივი მხარდაჭერის თვალსაზრისით არანაირი აქტივი არ გააჩნია, მაგრამ გააჩნია ხელოვნურად, აგენტურის მეშვეობით მანიპულირებული ჯგუფი საქართველოში, რომელიც თან წვალობს ხელისუფლებაში დარჩენას, იმავდროულად იმ მეთოდოლოგიას იყენებს, რომელიც მისაღებია რუსებისთვის. დასავლეთმა უნდა დაინახოს ეს კონტექსტი და რაც მეტი ადამიანი დაელაპარაკება ჩვენს პოლიტიკოსებს, ანალიტიკურ წრეებს, მით უკეთესი იქნება, ცხადია," - ამბობს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას ამ ჭრილში, ქემოკლიძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიდგომებმა „ქართულ ოცნებას“ მცდარი იმედები გაუჩინა, ეს კი ქვეყანას ძვირფას დროს აკარგვინებს. მიის შეფასებით, მსგავსი ტიპის გამოწვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ჰქონია.

"ახალი ადმინისტრაცია დალაგების პროცესშია და ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დროებითია და ეს ყველაფერი გამოსწორდება უახლოესი თვეების განმავლობაში. ამდენად, ჩვენ უნდა მივეხმაროთ საზოგადოებას, რომ არ ჩავარდეს ნიჰილიზმში, რადგან ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დაგვემართოს. მსგავსი ტიპის გამოწვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში აქამდე ნამდვილად არ ყოფილა: მსგავსი ტიპის ბრუტალიზმი „გაპრავებული“ სახელმწიფო ინსტიტუციების დონეზე, თანაც ღიად... წინა ხელისუფლების დროს ხომ იყო, მაგრამ ის „იფუთებოდა“... აბსოლუტური თვითნებობა, აბსოლუტური ვაკხანალია, ინდივიდუალური გადაწყვეტილებები, რომელიც მთლიანად გასულია კონსტიტუციის და სამართლიანობის ფარგლებს, მსგავსი პრეცედენტი მე მგონი, მართლა არ ყოფილა...თან ამ ყველაფრის აგრესიული პროპაგანდით გამყარება და გაძლიერება კიდევ უფრო მძიმეა," - ამბობს ქემოკლიძე და ამატებს, რომ საქართველოში ავტოკრატიის დამყარება ტექნიკურად ძალიან რთულია - ეს არ არის ბელარუსი, ეს არ არის რუსეთი, მათ შორის, მენტალური ფაქტორიდან გამომდინარე შესაძლოა, რაღაც მომენტში ავტორიტარიზმი დაამყარო, მაგრამ დიდი ხანი ვერ გაჩერდები, ადრე თუ გვიან ვითარება აგიფეთქდება, მით უმეტეს, რომ შენ ბუნებრივი რესურსები არ გაგაჩნია, რომ კეთილდღეობა გადაუნაწილო ყველას.

"უბრალოდ ეს საზოგადოებას დაუჯდება ძვირად...ეს დაპირისპირება იმ დონემდე გაღრმავდება, რომ ჩვენ მივალთ მიკრო შიდა კონფლიქტებამდე და ეს სერიოზული პრობლემა იქნება, რომელსაც ექნება თავისი ეკონომიკური ეფექტები და ეკონომიკური კატაკლიზმები. იმდენად ცვლადი გარემოა, რომ არავინ იცის კატალიზატორის როლს რა ითამაშებს," - ამბობს ქემოკლიძე.

წყარო: accentnews.ge