ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2022 წლის აქტივობების ანგარიში წარმოადგინა, სადაც ნათქვამია, რომ „2022 წლის განმავლობაში შესამჩნევად გაძლიერდა ანტიდასავლური რიტორიკა. ამ სამარცხვინო პროცესში არა მხოლოდ „ალტ-ინფო“ და სხვა მსგავსი პრორუსული, მარგინალური ჯგუფები, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
შემაშფოთებელია აშშ-ის საელჩოს საქმიანობის და ელჩ კელი დეგნანის დისკრედიტაციის კამპანია. პარალელურად, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და ხელისუფლებამ გააძლიერა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დემონიზაციის კამპანია. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს კანონპროექტი დასავლური ფონდების მიერ მხარდაჭერილი საზოგადოებრივი ორგანიზაციების უცხოელ აგენტებად რეგისტრაციის შესახებ, რაც რუსეთის ფედერაციაში არსებული მსგავსი ანტიდემოკრატიული კანონის პირდაპირი იმპლემენტაციაა საქართველოში. ადამიანის უფლებათა ცენტრი უფლებადამცველი საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანიის პირობებში აგრძელებს საქმიანობას. მსგავსი თავდასხმები საქართველოში ახალი არ არის და ისიც კარგად გვახსოვს, როგორ მთავრდება ეს ხელისუფლებისთვის და მმართველი პარტიისთვის“, - ნათქვამია ანგარიშშია.