საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ გადაწყვეტს, რეალურად წავიდეს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზით თუ იხელმძღვანელოს საქართველოს ინტერესების გზით, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელებთან დაკავშირებით განაცხადა.

კორძაიას თქმით, „სასამართლო თუ სრულად არ შეაჩერებს რუსული კანონის მოქმედებას, ეს გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის, თითოეული მოქალაქისთვის“.

„ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შუალედური და არ იქნება კანონის სრულად შეჩერების მომტანი, იქნება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაგრძელება. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, დავუსაბუთოთ სასამართლოს ის რისკები, რაც მოჰყვება კანონის ამოქმედებას და ვეცდებით, მივაღებინოთ ქვეყნისთვის საკეთილდღეო გადაწყვეტილება. ვინაიდან კანონის სანქციების ნაწილი პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში, გონივრული იქნება, საკონსტიტუციო სასამართლომ პირველ სექტემბრამდე მიიღოს ეს გადაწყვეტილება“, – აცხადებს თამარ კორძაია.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ სარჩელებთან დაკავშირებით 29 აგვისტოს საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გაიმართება.

პირველი არხი