რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენით რა ფინანსურ სარგებელს იღებენ საქართველოში არსებული პროკრემლისტური ჯგუფები. ამასთან დაკავშირებით მიმოხილვას  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აქვეყნებს.

„2019 წლის 8 ივლისიდან 2023 წლის 19 მაისამდე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილი იყო.  ოთხი წლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა. განკარგულების ხელმოწერიდან რეკორდულად მოკლე დროში, 19 მაისს მოსკოვიდან თბილისში პირველი ავიარეისი შესრულდა. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში მოჰყვა. საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ განსაკუთრებით შემაშფოთებელი იმ ფონზე აღმოჩნდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 2022 წლის 27 თებერვალს, ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ რუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის მიმართულებით და ევროპის თავზე ფრენები აუკრძალა.

მოსკოვიდან თბილისში პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა. „აზიმუტის“ გენერალური დირექტორი პაველ ეკჟანოვია. ეკჟანოვი და ავიაკომპანია „აზიმუტი“ უკრაინის მიერ არიან სანქცირებულები.

2023 წლის 15 მაისამდე რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული. თუმცა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ავიაკომპანიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.

რომელმა კომპანიებმა გაუწიეს „აზიმუტს“ სახმელეთო მომსახურება?

„აზიმუტის“ თვითმფრინავს სახმელეთო მომსახურება 2023 წლის 21 აპრილს შექმნილმა კომპანიამ შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯიამ“ გაუწია.

შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯიას“ 60%-იანი წილის მფლობელი დავით კვარაცხელიაა. კომპანიის შექმნა რამდენიმე დღით უსწრებდა წინ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა.

ვინ არის დავით კვარაცხელია?

დავით კვარაცხელია ღიად პრორუსი ჟურნალისტის ვალერი კვარაცხელიას შვილია. დავით კვარაცხელია ოთხი კომპანიის მეწილე და ერთი კომპანიის დირექტორია. კვარაცხელიას საკუთრებაში არსებული ოთხივე კომპანია - შპს „ი ენ ჯგუფი“ , შპს „ი ენ ვაინსი“ , შპს „ბიზნეს ავია საქართველო“ , შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“  2023 წელსაა შექმნილი, რაც შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ ოთხივე კომპანია რუსული ავიაკომპანიებისთვის მომსახურების გასაწევად შეიქმნა.

დავით კვარაცხელიასა და კომპანია შპს „საქართველოს ავიახაზების“ თანამესაკუთრის თამაზ გაიაშვილის ბიზნეს ურთიერთობები

შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია” 60%-იანი წილის მფლობელი დავით კვარაცხელიაა, დანარჩენ 40%-ს კი 21 წლის დავით წივწივაძე ფლობს. დავით წივწივაძე და თამაზ გაიაშვილი ახლო ნათესავები არიან. მოცემულ ეჭვს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ცესკოს ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, თამაზ გაიაშვილი და დავით წივწივაძე ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები.

შპს „საქართველოს ავიახაზების“ მესაკუთრისა და დავით კვარაცხელიას კავშირები  სხვა კომპანიაშიც იკვეთება.

შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯიას“ გარდა, კვარაცხელია და წივწივაძე ასევე შპს „ბიზნეს ავია საქართველოს“ მფლობელებიც არიან. მოცემული კომპანიაც ახალშექმნილია. ის 2023 წლის 15 თებერვალსაა დარეგისტრირებული. კომპანიაში წივწივაძე 20%-ის, ხოლო კვარაცხელია 80%-იანი წილის მფლობელია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი ვებგვერდის მიხედვით, თამაზ გაიაშვილი, დავით გაიაშვილი და შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ უკრაინამ დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა.“- ნათქვამია კვლევაში.