ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ სოხუმის აეროპორტი  ორმაგი დანიშნულების სტატუსს შეინარჩუნებს, ხოლო რუსეთთან ავიამიმოსვლა 2025 წლისთვის იგეგმება.

ქრისტინა ოზგანის განცხადებით, სოხუმის აეროპორტის აეროდრომი და აეროდრომის ინფრასტრუქტურა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება.

ობიექტები ინვესტორს იჯარით გადაეცემა, რომლის საკუთრებაშიც იქნება ასევე აეროპორტის ტერმინალები და საწვავ-გასამართი კომპლექსები.

„აფხაზეთში ერთი აეროპორტია, შესაბამისად, ყველაფერი, რაც თავდაცვის საკითხს ეხება, შენარჩუნდება ან საინვესტიციო პროექტის ფარგლებში. ამისთვის აეროპორტში ცალკე ტერიტორია გამოიყოფა, დისლოკაცია არ იცვლება, ყველაფერი იმავე პირობებით დარჩება ", - განაცხადა ოზგანმა.